თბილისის ტრიუმფალური თაღი

თბილისის ტრიუმფალური თაღი მდებარეობს რუსეთის ფედერაციის ქალაქ სტავროპოლში. ის აშენდა 1841 წელს, ბოროდინოს ბრძოლის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისელი ვაჭრის გაბრიელ თამამშევის სახსრებით. გარდა სიმბოლური დატვირთვისა ტრიუმფალურ თაღს თავის დროზე ჰქონდა პრაქტიკული დანიშნულებაც – ის აღმოსავლეთიდან საზღვრავდა სტავროპოლს და ასრულებდა საგუშაგოს ფუნქციას. ტრიუმფალური თაღი იდგა ერთერთ მთავარ გზაზე – თბილისის გზატკეცილზე, რომლისგანაც მიიღო სახელწოდება კიდევაც. 1851 წელს მოხდა თაღის კაპიტალური რეკონსტრუქცია მშენებელ ლუკა სონოვის მიერ. მეფის ხელისუფლების დამხობის შემდგომ თბილისის ტრიუმფალურ თაღს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, თუმცა მოგვიანებით 30-ანი წლების მეორე ნახევარში მაინც დაანგრიეს. 1998 წელს სტავროპოლის მერის მიხეილ კუზმინის მხარდაჭერით და მოქალაქეთა შემოწირულობებით ძველი ადგილიდან ოდნავ მოშორებით ძველი ნახაზების და ფოტოების მიხედვით აღადგინეს თბილისის ტრიუმფალური თაღი.

დატოვე კომენტარი