კიევის მეტროპოლიტენი

კიევის მეტროპოლიტენი გაიხსნა 1960 წლის 6 ნოემბერს. ის უკრაინის რიგით პირველი, ხოლო საბჭოთა კავშირის რიგით მესამე მეტროპოლიტენია. 2022 წლის მდგომარეობით მეტროპოლიტენი შედგება სამი ხაზისგან, რომელთა საერთო სიგრძე 70 კილომეტრია. მგზავრებს ემსახურებათ 52 სადგური, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე ღრმა სადგური – “არსენალნა”, რომელიც მიწის ზედაპირიდან 105 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

სადგური “არსენალნა” გარდა სიღრმისა საინტერესოა, ასევე კონსტრუქციული თვალსაზრისითაც. ის ერთადერთი სადგურია ყოფილ საბჭოთა კავშირში რომელიც “ინგლისური” ტიპისაა. ანუ ცენტრალური დარბაზი დაახლოებით ხუთჯერ უფრო მოკლეა ვიდრე გვერდითა ბაქნები. ამიტომ დარბაზსა და ბაქნებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ორ-ორი გასასვლელი თითო მიმართულებით, ხოლო სადგურის ბოლოში ბაქნებს შორის არის პატარა გვირაბი, რომლის მეშვეობითაც მგზავრს შეუძლია ერთი ბაქნიდან, მეორე ბაქანზე გადასვლა, ისე რომ ცენტრალურ დარბაზში არ მოხვდეს. საკმაოდ საინტერესო კონსტრუქციას წარმოადგენს ასევე საესკალატორო გვირაბიც, დიდი სიღრმის გამო, ესკალატორი ორსაფეხუროვანია. ანუ ესკალატორებს შორის კიდევ ერთი შუალედური მიწისქვეშა ვესტიბიულია.