ქართული ანბანის სამი სახეობა

  • მრგლოვანი

მრგლოვანი პირველი და უძველესი ქართული ანბანია. დღეისათვის, დადასტურებული დოკუმენტური მონაცემებით, იგი V საუკუნიდან ვლინდება და 37 გრაფემისგან შედგება. ასოების უმეტესობას მრგვალი მოყვანილობა აქვს, რაც მოგვიანებით საფუძვლად დაედო ანბანის სახელწოდებას (მრგლოვანი – ქართულად მომრგვალებულს ნიშნავს. ტერმინი XI საუკუნიდან დასტურდება). მრგლოვანი ანბანის ორხაზოვანი გრაფიკული სისტემა მარტივი გეომეტრიული ელემენტების – სწორი ხაზისა და წრის, ან ნახევარწრის კომბინაციითაა მიღებული, რომელიც ჩაწერილია უხილავ კვადრატში, ან ნახევარკვადრატში. IX საუკუნემდე ყველა ქართული წერილობითი ძეგლი (წარწერები თუ ხელნაწერები) შესრულებულია მრგლოვანი ანბანით. ნუსხური სახეობის დამკვიდრების შემდეგ, მრგლოვანმა ნაწილობრივ დეკორატიული დატვირთვა შეიძინა. მრგლოვანით სრულდება ძირითადად რელიგიური შინაარსის ტექსტის სათაურები, საზედაო ასოები, მონუმენტური წარწერები( X-XVIII საუკუნეების ქართული ეპიგრაფიკული წარწერები, აგრეთვე წარწერები მონეტებზე).

  • ნუსხური

ნუსხური სახეობა ქართული ანბანის განვითარების შემდგომი ეტაპია და IX საუკუნიდან მკვიდრდება. იგი 38 კუთხოვანი, სხვადასხვა სიმაღლის, მარჯვნივ გადახრილი გრაფემისგან შედგება და ოთხ პარალელურ ხაზს შორის თავსდება. ტერმინი “ნუსხური” ქართულ ენაში არაბულიდანაა შემოსული და დედანს (შემდეგ – გადაწერილ ტექსტს, მოგვიანებით კი სწრაფად წერას) ნიშნავს.

მხედრული სახეობის დამკვიდრების შემდგომ, მრგლოვანითა და ნუსხურით სრულდება უპირატესად რელიგიური შინაარსის ტექსტები, შესაბამისად, მათ ხუცურ ანბანს უწოდებენ (ტერმინი დასტურდება XIV საუკუნიდან).

  • მხედრული

მხედრული ანბანი საქართველოს თანამედროვე სახელმწიფო ანბანია და X  საუკუნეში, ნუსხური ანბანის ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა. დღეისათვის, იგი 33 სხვადასხვა ზომის მომრგვალებული გრაფემისგან შედგება (XIX საუკუნის მეორე ნახევარში განხორციელებული რეფორმის შედეგად მას გამოაკლდა ხუთი გრაფემა, რომელიც ამჟამად მხოლოდ ქართველური ენებისა თუ დიალექტებისთვის, ასევე ძველი ქართული ენისთვის ადაპტირების მიზნით გამოიყენება) და ოთხ პარალელურ ხაზში იწერება.

ანბანის სახელწოდება – მხედრული (ანუ საერო) – მისი ფუნქციიდან მომდინარეობს. მას ძირითადად საერო დანიშნულებით იყენებენ.

დატოვე კომენტარი