საქართველოს გერბი

საქართველოს სახელმწიფო გერბის მთავარი ფიგურა არის წმინდა გიორგი, რომელიც ჰერალდიკაში და ვექსილოლოგიაში სიმბოლურად გამოისახება – თეთრ ფონზე წითელი სწორკუთხა ჯვარი (ჰერალდიკაში – ვერცხლის ველზე მეწამული სწორკუთხა ჯვარი).

წმინდა გიორგი, როგორც ერთიანი საქართველოს სიმბოლო, ანუ საქართველოს განმასახიერებელი და მფარველი, პირველად მეფე გიორგი III დიდ სახელმწიფო საბეჭდავზე გვხვდება. მეფე დავით IV აღმაშენებლის უცნობი მემატიანე წერს, რომ 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში “წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა” ქართველთა ლაშქარს.

გრიგოლ ფერაძეს, რომელმაც შეისწავლა ისტორიული წყაროები Georgia-ს სახელის წარმომავლობის შესახებ, თავის ნაშრომში “უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველი ბერებისა და ქართული მონასტრების შესახებ”, მოყავს მეტად საინტერესო ცნობა პალესტინის ქალაქ აკრას კათოლიკე ეპისკოპოსის ჟაკ დე ვიტრის (Jacques de Vitry. დაახლ.1160/70-1240წწ.) ნაშრომიდან “იერუსალიმის ისტორია” (Historia Hierosolimitana) – “ამ ხალხს Georgian-ებს უწოდებენ, რადგან ისინი განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობიან და ეთაყვანებიან წმინდა გიორგის, ვისაც თავიანთ მფარველად და მედროშედ თვლიან… და პატივს სცემენ ყველა წმინდანზე მეტად”. ხოლო სოლმის გრაფი იოჰანი 1483 წელს წერს: “არის კიდევ ერთი ხალხი, იერუსალიმიდან შორს მცხოვრები… მათ Georgian-ებს უწოდებენ, წმინდა გიორგის სახელის მიხედვით, რომელიც მფარველად აურჩევიათ”.

საინტერესოა, რომ ერთ-ერთი ქართული ლეგენდით, რომელიც იოანე ბატონიშვილს მოჰყავს “კალმასობაში”, დავით აღმაშენებელმა “… იხილა მცხეთის იწროთა ადგილთა შინა ცხენი ესე რქოსანი, დაუძახა მეფემან, და მოვიდა მეფესთანა, და შეიპყრა მეფემან, და მოვიდნენ მონანიცა მეფისანი, და ბრძანა მეფემან შეკაზმა ცხენისა ამისი, და აღუდვა ლაგამი წმინდის გიორგის ცხენისა”.

თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით “ქართველთა მეფენი ღერბთა მათთა დასწერდეს სახესა წმინდის ამის მთავარმოწამისა გიორგისასა… და იქმნა სახეი მისი შეწყნარებული პირველ ოდენად ქართველთა სახელმწიფოსა”.

მეწამულ ველზე ვერცხლის წმინდა გიორგი, როგორც საქართველოს გერბი, მოცემული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს თავის 1735 წლის საქართველოს და კავკასიის რუკაზე. იგი წარმოდგენილია მეფე ერეკლე მეორეს 1784 წლის დიდ სახელმწიფო ბეჭედზეც. წმინდა გიორგი, როგორც საქართველოს გერბის მთავარი ფიგურა, დაფიქსირებულია უცხოურ წყაროებშიც: რუსეთის მეფის ალექსეი მიხაილოვიჩის 1672 წლის ე.წ. “ტიტულარნიკში”; ავსტრიის იმპერატორის ლეოპოლდ I ელჩის იოჰან გეორგ კორბის 1698 წლის მოგზაურობის ანგარიშში და სხვა.

საქართველოს სახელმწიფო გერბში, როგორც სახელმწიფო სუვერენიტეტის ნიშანი, გამოყენებულია ქართული სამეფო გვირგვინი, რომელიც საერთაშორისო ჰერალდიკაში “ივერიის გვირგვინის” სახელწოდებით არის ცნობილი.

რაც შეეხება გერბის ფარისმტვირთველ ოქროს ლომებს, იგი მოცემულია ქართველთა მეფეთა, ლევანის, ქაიხოსროს, გიორგი XI, ვახტანგ VI, ერეკლე II, გიორგი XII და დავით XII გამგებლის გერბების გამოსახულებათა მიხედვით.

სახელმწიფო გერბის ავტორია: მხატვარი მამუკა გონგაძე.

გერბები ვახუშტის მიხედვით

ეს არის საქართველოს და მომიჯნავე ქვეყნების გერბები ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით. მთელ ამ ზოოჰერალდიკურ შემოქმედებაში ყველაზე მეტად მომწონს რანის გერბი – ობობა და აბლაბუდა 😀 ❤

დუშეთის დროშა და გერბი

დუშეთის მუნიციპალიტეტის დროშა

დროშა წარმოადგენს მეწამული ფერის მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ტეხილი ვერცხლის სარტყელი რომელიც არ კვეთს დროშის კიდეებს და ხუთი ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი სამი-ორზე; დროშის პროპორციაა – 2/3.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გერბი

გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად – პირველი ნაწილი – მეწამულ ველზე ზედა ნაწილი გადაკვეთილია ტეხილი ვერცხლის სარტყელით რომლის ზევით და ქვევით განთავსებულია ხუთი ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი სამი-ორზე;  მეორე ნაწილი არის სევადი ველი. გერბის ცენტრში, პირველ და მეორე ველზე მოთავსებულია მეომრის ოქროს აღჭურვილობა – ჯაჭვის პერანგი; აღმოსავლური ფარი და ხმალი; გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი – “დუშეთი”.