ლენინის ძეგლი ზაჰესში

საბჭოთა კავშირში ვლადიმერ ლენინის ათასობით ძეგლი დაიდგა, თუმცა ერთერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლი დაიდგა 1927 წელს ზაჰესში – წოლხვრელის, მდინარის, წყალმიმღებისა და სათავო გამწმენდ რაბს შორის წარმოქმნილ კუნძულზე; კლდოვან ქარაფზე, მდინარის პირას. ლენინის ძეგლი საკმაოდ კარგად იყო ჩამჯდარი გარემოში და ხელის ჟესტით მიუთითებდა ზაჰესის კაშხლის მიმართულებით. ბრინჯაოს 7 მეტრიანი ძეგლის ავტორი იყო ცნობილი რუსი მოქანდაკე ივანე შადრი. 1991 წელს მოხდა ბელადის ძეგლის დემონტაჟი.

ლუფტვაფეს აეროფოტოგადაღება

მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა საქართველოს სხვადასხვა ადგილის აეროფოტოგადაღება მოახდინეს. გერმანელებს ძირითადად აინტერესებდათ სამხედრო ქარხნების, ელექტროსადგურების, ნავსადგურების, სარკინიგზო ხიდების და სხვა სტრატეგიული ობიექტების ადგილმდებარეობა. ომის დასრულების შემდგომ ლუფტვაფეს არქივი ალაფის სახით ამერიკელებმა გაიტანეს გერმანიიდან.

თბილისი

კასპი

აგარა

ხაშური

ქუთაისი

აბაშა

სენაკი

ხობისწყლის შესართავი

ოჩამჩირეს ნავსადგური

კოდორის შესართავი

ლილო-შულავერის პნევმომილსადენი

საქართველოში არსებობდა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სამრეწველო დანიშნულების პნევმომილსადენი.

პნევმომილსადენი “ლილო-1” ექსპერიმენტული პროექტის სახით აშენდა 1971 წელს შულავერის ბეტონის ნაკეთობათა ქარხნის და მდინარე დებედას ნაპირზე მდებარე სამშენებლო მასალის კარიერს შორის. რას წარმოადგენდა ეს პნევმომილსადენი?! ეს იყო 2200 მეტრის სიგრძის, 1020 მილიმეტრის დიამეტრის მილი, რომელშიც შეკუმშული ჰაერის ძალით მოძრაობდა რვა კაფსულიანი მოძრავი შემადგენლობა. აქედან ექვსი კაფსულა ტვირთსაზიდი დანიშნულების იყო, ხოლო შემადგენლობის თავში და ბოლოში თითო-თითო პნევმომავალი იყო ჩაყენებული. სამშენებლო მასალით დატვირთული მოძრავი შემადგენლობის საერთო წონა 25 ტონა იყო, საშუალო სიჩქარე 45კმ/სთ, ხოლო ტვირთზიდვა წელიწადში 640 ათას ტონას აღწევდა.

80-ანი წლების დასაწყისში შულავერის სამშენებლო მასალების კარიერიდან მარნეულის და ლილოს ბეტონის ნაკეთობათა ქარხნების მიმართულებით აშენდა ორტოტიანი სრულფასოვანი სამრეწველო პნევმომილსადენი “ლილო-2”, რომლის სიგრძე 42 კილომეტრს და წლიური ტვირთზიდვა კი 2 მილიონ ტონს აღწევდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პნევმომილსადენი სამწუხაროდ განადგურდა და ისტორიას ჩაბარდა.

პნევმომილსადენის ყველაზე შთამბეჭდავი კვალი ჩანს კრწანისის ტყეპარკში, მტკვარზე გადებული მილსატარის სახით, რომელზეც დღესდღეობით მაგისტრალური გაზსადენი გადადის. ასევე მისი კვალი ჩანს ძველ თანამგზავრულ სურათებში – შულავერის, მარნეულის და ფონიჭალის მიმდებარედ.