ლილო-შულავერის პნევმომილსადენი

საქართველოში არსებობდა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სამრეწველო დანიშნულების პნევმომილსადენი.

პნევმომილსადენი “ლილო-1” ექსპერიმენტული პროექტის სახით აშენდა 1971 წელს შულავერის ბეტონის ნაკეთობათა ქარხნის და მდინარე დებედას ნაპირზე მდებარე სამშენებლო მასალის კარიერს შორის. რას წარმოადგენდა ეს პნევმომილსადენი?! ეს იყო 2200 მეტრის სიგრძის, 1020 მილიმეტრის დიამეტრის მილი, რომელშიც შეკუმშული ჰაერის ძალით მოძრაობდა რვა კაფსულიანი მოძრავი შემადგენლობა. აქედან ექვსი კაფსულა ტვირთსაზიდი დანიშნულების იყო, ხოლო შემადგენლობის თავში და ბოლოში თითო-თითო პნევმომავალი იყო ჩაყენებული. სამშენებლო მასალით დატვირთული მოძრავი შემადგენლობის საერთო წონა 25 ტონა იყო, საშუალო სიჩქარე 45კმ/სთ, ხოლო ტვირთზიდვა წელიწადში 640 ათას ტონას აღწევდა.

80-ანი წლების დასაწყისში შულავერის სამშენებლო მასალების კარიერიდან მარნეულის და ლილოს ბეტონის ნაკეთობათა ქარხნების მიმართულებით აშენდა ორტოტიანი სრულფასოვანი სამრეწველო პნევმომილსადენი “ლილო-2”, რომლის სიგრძე 42 კილომეტრს და წლიური ტვირთზიდვა კი 2 მილიონ ტონს აღწევდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პნევმომილსადენი სამწუხაროდ განადგურდა და ისტორიას ჩაბარდა.

პნევმომილსადენის ყველაზე შთამბეჭდავი კვალი ჩანს კრწანისის ტყეპარკში, მტკვარზე გადებული მილსატარის სახით, რომელზეც დღესდღეობით მაგისტრალური გაზსადენი გადადის. ასევე მისი კვალი ჩანს ძველ თანამგზავრულ სურათებში – შულავერის, მარნეულის და ფონიჭალის მიმდებარედ.

სხალტბა

სოფელი სხალტბა, მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის თემში. სახელწოდების მიუხედავად, მანდ არც მსხალია და არც ტბა. სოფლის განაპირას დგას 1669 წელს აშენებული კვირაცხოვლის ეკლესია, რომლის სამხრეთ ფასადი დამშვენებულია ოთხი ისრული თაღით.

სხალტბის ეკლესიიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, კვერნაქის ქედიდან იშლება შიო მღვიმის მონასტრის ძალიან ლამაზი ხედი.

ხოჭოს ტბა

ხოჭოს ტბა – სეზონური ტბაა, რომელიც საზრდოობს მარტო ატმოსფერული ნალექებით და მდებარეობს თბილისთან ახლოს, ნასერალას ქედის ერთერთ ქვაბულში. წელიწადის უდიდეს დროს, ტბა დამშრალია და წარმოადგენს ბალახით დაფარულ ოდნავ ჩაღრმავებულ სივრცეს, რომელიც წყლით ივსება მრავალდღიანი ძლიერი წვიმების შედეგად.

ნარიყალას წყალსადენის სათავე ნაგებობა

ოქროყანაში, რესტორან “მაჭახელა”-ს უკან, მდინარე დუქნებისუკანახევში ჯერ კიდევ შემორჩენილია ნარიყალას ციხის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის კვალი, რომელიც წინა საუკუნის 50-ან წლებში აღმოაჩინეს.

1955 წლის 10 ივნისს ი.ბ. სტალინის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის მეოთხე აგროუბნის ტერიტორიაზე მიწის მოთხრა-მოსწორებისას, ერთნახევარი მეტრის სიმაღლეზე შევამჩნიეთ ოსტატურად ნაგები ძველი წყალსადენის ნაშთები. ეს იყო ერთიმეორეში მჭიდროდ ჩასმული კერამიკული (წითლად გამომწვარი, 10 სანტიმეტრის დიამეტრის) თიხის მილები, რომლებსაც ზემოთ ეგოთ და ზემოდანაც ეფარათ ორ ქანობად ძველებური კვადრატული (ეგრეთწოდებული „ქართული“) აგურები, ზომით 22 X 22 X 5 სანტიმეტრი ამრიგად, მილსადენი სამკუთხა განივკვეთიან ბუდეში იყო მოქცეული და მონაცრისფერო კირის დუღაბით იყო დამაგრებული. განათხარ ფართობზე მილსადენის ნაშთი რამდენიმე ადგილას გავაშიშვლეთ და აშკარა გახდა, რომ იგი თბილისისაკენ მოემართებოდა.
მილების, აგურისა და დუღაბის რამოდენიმე ნიმუში, მოკლე აღწერილობითურთ, იმავე დღეებშივე გადაეცა თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს. ჩვენ განვაგრძეთ აღმოჩენის ადგილისა მისი მიდამოების შესწავლა, რათა გაგვეკვლია ძველი წყალსადენის ტრასა და სათავე. ამ წინასწარ საძიებო მუშაობას საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელთა კონსულტაციით ვწარმოებდით.
განათხრის ზემოთ რამდენიმე ადგილას ჩაჭრილმა ვიწრო თხრილებმა კვლავ გამოავლინა სრულიად იმგვარივე მილსადენი და ჩვენს თვალწინ წარმოდგა მარჯვე და მოხდენილი ოსტატობით ნაგები ძველი წყალსადენის ახალ-ახალი ნაწილები.
ამგვარმა ძიებამ მოგვიყვანა იმ ადგილამდე, სადაც, ჩვენი აზრით, აღნიშნული წყალსადენის სათავე ყოფილა. იგი მდებარეობს სოფელ ოქროყანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ი.ბ. სტალინის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის მეოთხე აგროუბნის კანტორის მახლობლად, კოჯრის ასფალტიანი გზის პირას, კომკავშირის ხეივნიდან სამი კილომეტრის დაშორებით. ამ ადგილებში საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მდგარა ორი დუქანი (ოქროყანელი მებატონეების გაბაშვილებისა და პოლტარაცკის), რომელთა მიხედვითაც მათ უკან მდებარე მცირე ხევს შერქმევია „დუქნებისუკანა ხევი“. ამ ხევის საწყისში გამოდის ორი წყარო, რომელთა შორის ხელოვნურად ჩაჭრილია ხევის კლდოვანი კალაპოტის ნაპირები. ოქროყანელი მოხუცების გადმოცემით ზემო წყაროს წყალი ამ კალაპოტით მიემართებოდა და იერთებდა მეორე წყალს, რომელიც მისგან 70-იოდე მეტრზე გამოდის. მეორე წყაროს ქვემოთ, სალ კლდეზე ჩანჩქერია, ხოლო მის გვერდით გამოჭრილია გვირაბი (დიამეტრით 1,5 მეტრი), საიდანაც დღესაც სდის წყარო და რომლის სიგრძე 14 მეტრია. მას ტეხილი მიმართულება აქვს. გვირაბი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 7,5 მეტრი სიგრძით მიემართება, შემდეგ ორ მეტრზე დასავლეთით უხვევს, ბოლოს ისევ 4,5 მეტრზე სამხრეთისაკენ იცვლის მიმართულებას. ჩანჩქერის ძირიდან გვირაბი 2,5 მეტრ სიმაღლეზეა მისი ფსკერი დაქანებულია ისე რომ წყალი მასში თავისუფლად გამოედინებოდა. გვირაბის ტეხილი მიმართულება იმით უნდა აიხსნას, რომ მისი გამჭრელები ცდილობდნენ ამით შეემცირებინათ ნაკადის სიჩქარე, რათა წყლის დაგროვებისას აუზში ნაკლები ყოფილიყო წყლის ჰიდრავლური დარტყმა-დაწნევა და დაგროვებისათვის ხელი არ შეეშალა. ამავე მიზნით გვირაბის შიგნით სიმაღლე მეტია, ვიდრე შესასვლელში.

ჩანჩქერთან წყლის დაგუბების გამო გვირაბის დათვალიერება მოხერხდა მხოლოდ შორიდან და ამჟამად ის ასე გამოიყურება.