პასპორტის სიძლიერის ინდექსი

ქვემოთ არის წარმოდგენილი 2022 წლის მდგომარეობით საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის პასპორტების სიძლიერის ინდექსი.

სახელმწიფო საზღვარი

სახელმწიფო საზღვარი – საზღვარი ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის. საზღვრების რამდენიმენაირი კლასიფიკაცია არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ბოგსის კლასიფიკაცია, რომელიც სახმელეთო საზღვრებს ასე აჯგუფებს: ფიზიოგრაფიული, ანთროპოგეოგრაფიული, გეომეტრიული და კომპლექსური.

  • ფიზიოგრაფიული საზღვრები მიჰყვება ტერიტორიის გამოკვეთილ ფიზიკურ ნიშნებს, მაგალითად მდინარეს, ქედს, ტბის ნაპირს.
  • ანთროპოგეოგრაფიული საზღვრები ადამიანის ხელით შექმნილ ნიშნებს მიჰყვება. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, რკინიგზა.
  • გეომეტრიული საზღვრები მისდევს გრძედს ან განედს, როგორც მაგალითად, ეგვიპტის დასავლეთ და სამხრეთ საზღვრები.
  • კომპლექსური საზღვრები ზემოაღნიშნულის ნებისმიერ კომბინაციას წარმოადგენს.

ყველაზე ძველი სახელმწიფო საზღვარი, აქვს პირენეებში მდებარე ანდორას, რომელიც დადგინდა 1278 წელს, ურხელის ეპისკოპოსის და დე ფუას გრაფის შეთანხმების საფუძველზე.

ძველია ასევე 1297 წელს ალკანისესის ხელშეკრულებით დადგენილი პორტუგალიის სახელმწიფო საზღვარი ესპანეთთან.

მოულოდნელად “ასაკოვანი” საზღვარი აქვს რუსეთს ლიეტუვასთან და ჩინეთთან იმიერბაიკალეთის მხარეში. პირველ შემთხვევაში თარიღი არის 1422 წელი და უკავშირდება დღევანდელი კალინინგრადის ოლქის ძველი მფლობელის ტევტონთა ორდენის მარცხს გოლუბის ომში, ლიეტუვა-პოლონეთის კოალიციის წინააღმდეგ. იმიერბაიკალეთში რუსეთს და ჩინეთს შორის საზღვარი დადგინდა 1689 წელს ნერჩინსკის ხელშეკრულებით, რომელმაც დაასრულა ალბაზინის ომი ამ ორ სახელმწიფოს შორის.

ევროპაში საკმაოდ ძველი და სტაბილური საზღვრები აქვს ჩეხეთს და საფრანგეთს ესპანეთთან.

აზიას რაც შეეხება, ყველაზე ძველი სახელმწიფო საზღვარი აქვს ირანს თურქეთთან და ერაყთან, რომელიც ჯერ კიდევ სეფიანთა მმართველობისას დადგინდა ოსმალეთის იმპერიასთან 1639 წელს ზუჰაბის ხელშეკრულებით.

შედარებით ძველი საზღვარი არის ჩრდილოეთ კორეას და ჩინეთს შორის, რომელიც 1712 წელს დადგინდა.

აზიის, აფრიკის და დასავლეთ ნახევარსფეროს სახელმწიფოთა საზღვრები უმეტესწილად მე-19 და მე-20 საუკუნეებში დადგინდა. გამონაკლისი ბრაზილიის საზღვრებია არგენტინასთან, პარაგვაისთან და ნაწილობრივად ბოლივიასთან, პერუსთან რომლებიც 1750 წელს დადგინდა მადრიდის ხელშეკრულების მიხედვით.

“პეკინი 2008”

მხატვარი – ლიუ ი “პეკინი 2008”, 2005 წელი.

ნახატზე გამოსახულია ოთხი გოგონა, რომლებიც თამაშობენ ძველჩინურ თამაშს – მაჯონგს. გოგონა ტატუთი, რომელიც ზურგით მაყურებლისკენ არის, ჩინეთია. მისგან მარცხნივ თამაშით გართულია იაპონია. დაფარულ ტანსაცმელში გამოწყობილია ამერიკა. ხოლო მაცდურად წამოწოლილი არის რუსეთი. ცალკე მდგომი გოგონა კი ტაივანი.

ქვების კომბინაციას რაც აქვს ჩინეთს ეწოდება – “დუნფენი”, ანუ “აღმოსავლეთის ქარი”. ამ სახელწოდებით ცნობილია ჩინური საკონტინეტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები. დანარჩენი ქვები არ ჩანს ნახატზე და უცნობია ამის გარდა რა აქვს კიდე ჩინეთს.

ამერიკას გააზრებული აქვს თამაშის ფასი, ის ღრმა და ჩაფიქრებული გამომეტყველებით უყურებს ტაივანს, თითქოს ცდილობს ერთდროულად ამოიკითხოს ტაივანის ფიქრები და სახის გამომეტყველებით მიანიშნოს რაღაც.

რუსეთი ერთი შეხედვით არ არის დაინტერესებული თამაშით, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. მას ფეხი უდევს ამერიკის მუხლზე, ხოლო მარცხენა ხელით ქვებს უცვლის ჩინეთს რაც მიანიშნებს, რომ ეს ორი ურთიერთსასარგებლო თამაშს აწარმოებენ.

იაპონია მხოლოდ საკუთარ თამაშს თამაშობს და არც იხედება სხვა მოთამაშეების მიმართულებით.

ტაივანს ერთ ხელში ხილით სავსე ლანგარი უჭირავს, ხოლო მეორეში კი ხილის სათლელი დანა. იგი ჩინეთს შესცქერის უჟმური და შეიძლება ითქვას ბოროტი გამომეტყველებით. მას არ შეუძლია რამის შეცვლა, ან თამაშში მონაწილეობის მიღება. მას ევალება მარტო ხილის გათლა მოთამაშეებისთვის.

ორაზროვანია მოთამაშეების ჩაცმულობაც – ჩინეთს მკერდი აქვს მოშიშვლებული და წელქვევით აცვია ქვედაკაბა და საცვალი, ამერიკას ხალათი აქვს მოსხმული მაგრამ წელქვევით შიშველია, რუსეთს მხოლოდ საცვალი აცვია, იაპონია კი საერთოდ შიშველია. ეს თითოეული სახელმწიფოს მდგომარეობის ასახვაა.

სხვა მოთამაშეების ფონზე ყველაზე მეტად ჩაცმულია ამერიკა, მაგრამ ის წელქვევით შიშველია, მაშინ როცა ჩინეთს და რუსეთს მიუხედავად თავიანთი სიშიშვლისა “იდუმალი” ადგილები ტანსაცმლის ნარჩენებით დაფარული აქვთ.

თუ თამაში გახდაზეა და ეს რაუნდი წააგო ჩინეთმა, მას მოუწევს ტანსაცმლის რომელიმე ნაწილის გახდა და რუსეთის მდგომარეობაში ჩავარდნა. წაგების შემთხვევაში ამერიკასაც ელოდება მსგავსი მომავალი. რუსეთმა თუ წააგო, საერთოდ უტანსაცმლოდ დარჩება. იაპონიას კი ისედაც არ აცვია არაფერი.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ იმის მიუხედავათ რომ ნახატზე ყველაზე მეტად ჩაცმული არის ამერიკა, წაგების შემთხვევაში ის დაკარგავს ჰეგემონობას. რუსეთი ვერაგულად იქცევა, მას არ აქვს ძალა, რომ დამოუკიდებლად იარსებოს და ლავირებს ამერიკასა და ჩინეთს შორის. ეს უკანასკნელი და რუსეთი ჯერჯერობით თანამშრომლობენ რაც ნახატზეც არის ასახული. ამერიკას შეუძლია მხოლოდ ივარაუდოს თუ რას აკეთებენ ჩინეთი და რუსეთი მაგიდის ქვეშ. იაპონიას არ გააჩნია არანაირი რესურსი ამ თამაშის მოგების და წაგებისას მოუწევს მაგიდიდან ადგომა.

ტაივანი გვერდიდან იყურებს თამაშს, ის ხედავს ყველაფერს რასაც მოთამაშეები აკეთებენ. მაგრამ ის ვერაფერს ვერ ცვლის და მისი როლი გამარჯვებულისთვის ხილის გათლით შემოიფარგლება.

ამ თამაშის გამარჯვებული ან ამერიკა, ან ჩინეთი იქნება. ამერიკა უდავოდ ძლიერია, თუმცა ის თამაშობს ჩინურ თამაშს, ჩინური წესებით და არა დასავლურ პოკერს…

საბჭოთა კავშირის გეოპოლიტიკური დერეფნები

მსოფლიოში ყველაზე დიდი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული არის რუსეთის ფედერაციაში შემავალი იაკუტია, რომლის ტერიტორია უმდიდრესია მინერალური რესურსებით. საბჭოთა კავშირის გარიჟრაჟზე, როდესაც ბოლშევიკური ხელისუფლება იყო სუსტი იაკუტებმა შექმნეს ეროვნული ავტონომიური ერთეული, რომელიც ფლობდა ოხოტსკის ზღვაზე გასასვლელს, კერძოდ ნავსადგურ აიანს, საიდანაც მოსახერხებელი იყო ვაჭრობა იაპონიასთან, ჩინეთთან და ამერიკასთან. მოსკოვმა აღიარა იაკუტიის ავტონომია, მაგრამ ჩამოართვა ოხოტსკის ზღვაზე გასასვლელი. ამას მოჰყვა ანტისაბჭოთა აჯანყება და ტუნგუსეთის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადება. საბჭოთა ხელისუფლებამ ჩაახშო აჯანყება და იაკუტიასა და ზღვას შორის შექმნილი ოხოტსკის დერეფანი გადასცა ეთნიკურად რუსულ ხაბაროვსკის მხარეს. ასე დაკარგა იაკუტიამ ოხოტსკის ზღვაზე გასასვლელი. რუსების უნდობლობა იაკუტებისადმი არამარტო ოხოტსკის ზღვაზე გასასვლელის ჩამორთმევით შემოიფარგლა. იაკუტიასთან ერთად ციმბირში ჩამოყალიბდა ასევე ბურიატიის ავტონომია, რომელსაც საერთო საზღვარი ჰქონდა მონღოლეთთან და შესაბამისად გარე სამყაროსთან. ბურიატიის საზღვრის დამტკიცებისას მოსკოვმა არ დაუშვა ორ მეზობელ ავტონომიას შორის საერთო საზღვრის არსებობა და შექმნა ბოდაიბოს დერეფანი, რითაც განაცალკევა ერთმანეთისგან ისინი და რუსული ირკუტსკის ოლქი და ახლანდელი იმიერბაიკალეთის მხარე დააკავშირა ერთმანეთთან. ასე და ამგვარად იაკუტია თითქმის ყველა მხრიდან მოექცა რუსულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების გარემოცვაში. კი აქვს გასასვლელი ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში, მაგრამ დიდი ვერაფერი სარგებელი არ აქვს ამისგან.

ტუნგუსეთის სახალხო რესპუბლიკის დროშა

ევროპაში უდიდეს ავტონომიურ ერთეულს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციაში შემავალი რესპუბლიკა კომი, რომელიც ჩამოყალიბდა 1921 წელს. თავდაპირველად ამ უზარმაზარ ავტონომიას ჰქონდა გასასვლელი როგორც ბარენცის, ისე კარის ზღვაზე. 1929 წელს მოსკოვმა ჩამოართვა ზღვაზე გასასვლელი, ჩამოაყალიბა ნენცების ავტონომიური ოკრუგი, რომელიც თავის მხრივ შემდგომ დაუქვემდებარა რუსულ არხანგელსკის ოლქს. ასე შეიქმნა ნენცების დერეფანი. ამგვარად კომი გადაიქცა მსოფლიოში უდიდეს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად, რომელსაც არ აქვს გასასვლელი ზღვაზე. მაგრამ რუს ბოლშევიკებს ულევი ფანტაზია ჰქონდათ გეოპოლიტიკური დერეფნების შექმნის საქმეში და კომის სამხრეთით მდებარე კომი-პერმელთა ავტონომიური ოკრუგი განაცალკევეს ვოლგისპირეთის ავტონომიების დიდი კლასტერისგან. კრემლმა შექმნა კუდიმკარის დერეფანი, რითაც ერთმანეთისგან დააშორა ვოლგისპირეთის და ჩრდილოეთის ავტონომიები და ერთმანეთთან დააკავშირა რუსული ვიატკა და პერმი.

კომის ავტონომია

რუსეთის იმპერიის დაშლის მერე პოლიტიკურ ასპარეზზე ერთერთი ყველაზე აქტიურები აღმოჩდნენ მოულოდნელად ბაშკირები, რომლებიც არ კმაყოფილდებოდნენ თავიანთი სამშობლოს ავტონომიური სტატუსით და ითხოვნენ მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსს. მაშინდელი ბაშკირეთი ბევრი მონაცემით მართლა აკმაყოფილებდა მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსს, თუმცა მანდვე თავს გამოჰყობდნენ თათრები, ჩუვაშები, გერმანელები და სხვა ვოლგისპირელი ერები, რაც მოსკოვს ნამდვილად არ აწყობდა. ბაშკირეთს მადა რომ შეემცირებინა, კრემლმა 1925 წელს ყაზახეთს, რომელიც მაშინ რუსეთის ავტონომიას წარმოადგენდა და სამხრეთიდან ესაზღვრებოდა ბაშკირეთს, ჩამოართვა ქალაქი ორენბურგი და შექმნა ორენბურგის ოლქი. ამ ქმედებით ჩამოყალიბდა ორენბურგის დერეფანი, რომლის საშუალებითაც რუსებმა განაცალკევეს შუა აზიელი და ვოლგისპირელი თურქები ერთმანეთისგან და ვოლგისპირეთის ავტონომიების კლასტერი ყველა მხრიდან შემოისაზღვრა რუსული ოლქებით.

ბაშკირეთის და ყაზახეთის საერთო საზღვარი

რუსეთის კიდევ ერთ ავტონომიას შეცვლილი აქვს საზღვრები, ეს არის კარელია. ზამთრის ომის შემდეგ კარელიის ავტონომიური რესპუბლიკა გადაიქცა მე-12(ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და მოლდოვა მოგვიანებით ჩამოყალიბდნენ საბჭოთა რესპუბლიკებად) მოკავშირე რესპუბლიკად. ამრიგად კარელიამ მოიპოვა ქალაქი ვიბორგი და გასასვლელი ბალტიის ზღვაზე. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ფინელებიც ჩაებნენ ომში გერმანელთა მხარეს და დაიბრუნეს საბჭოთა კავშირის მიერ წართმეული ტერიტორიები, თუმცა ომში მარცხის მერე საბოლოოდ დათმეს. 1944 წელს მოსკოვმა ჩამოართვა კარელიას ვიბორგის მხარე და გადასცა რუსულ ლენინგრადის ოლქს, ასე ჩამოყალიბდა ვიბორგის დერეფანი, რომელიც ჰყოფს კარელიას ბალტიის ზღვისგან.

კარელიის მოკავშირე რესპუბლიკა

ბოლშევიკებმა სამხრეთ კავკასიაშიც შექმნეს ერთი სასწაული, რომლის მადლიც გვფარავს დღემდე, ეს არის ზანგეზურის დერეფანი. სომხეთის რუკას თუ დააკვირდებით ქვეყნის ცენტრალური ნაწილიდან ირანის მიმართულებით გრძელდება ვიწრო ტერიტორია(სიუნიქის მარზი), რომელიც ერთმანეთისგან ჰყოფს საკუთრივ აზერბაიჯანს და მის ავტონომიას – ნახიჩევანს. მოსკოვი როგორც ჩანს ვარაუდობდა, რომ თურქეთი ირანთან ტერიტორიების გაცვლით მოიპოვებდა აზერბაიჯანთან საერთო საზღვარს და ამიტომ სომხური ტერიტორიით განაცალკევა აზერბაიჯანისგან ნახიჩევანის ავტონომია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ სომხურ-აზერბაიჯანულმა დაპირისპირებამ და ზანგეზურის დერეფნის არსებობამ განაპირობა საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში.

ზანგეზურის დერეფანი, იგივე სიუნიქის მარზი