ბათუმის წმინდა ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძარი

ბათუმის წმინდა ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევა 1888 წლის 25 სექტემბერს რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის და მისი ოჯახის წევრების თანდასწრებით აღსრულდა, სიმბოლური პირველი ქვა იმპერატორმა თავისი ხელით ჩადო საძირკველში. ტაძარი აკურთხეს 1906 წლის 6 დეკემბერს, ბათუმის რუსეთის იმპერიასთან მიერთების 25 წლის აღსანიშნავად. ბათუმის მასშტაბში ტაძარი ბევრად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა ხუთი ბოლქვისებრი გუმბათითა და კიდევ უფრო მაღალი კარვისებრი სამრეკლოთი და “ზემოდან” გადაჰყურებდა ქალაქს. მონუმენტური იერის გარდა, მას მრავლობითად დანაწევრებული კილისებრი სარკმლები და ცენტრალური კუბის წახნაგებზე არსებული უამრავი კოკოშნიკების არშიები დაჰყვებოდა. მის არქიტექტორად სახელდება ვასილი კოსიაკოვი. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ 1921 წ. ტაძარი “ანტირელიგიურ მუზეუმად” გადააკეთეს, ხოლო 1931-1932 წლებში ტაძრის შენობა მთლიანად დაანგრიეს, მის ადგილზე მოგვიანებით აშენდა სასტუმრო “ინტურისტი”, არქიტექტორ ალექსეი შუსევის პროექტით.

ლითონის ეკლესია

ლითონის ეკლესიის პროექტი წარმოადგენს ჩემთვის უცნობი არქიტექტორის საინტერესო ნამუშევარს. საკმაოდ კარგად არის შერწყმული ტრადიციული ქართული საეკლესიო ფორმები და თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები.

სხალტბა

სოფელი სხალტბა, მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის თემში. სახელწოდების მიუხედავად, მანდ არც მსხალია და არც ტბა. სოფლის განაპირას დგას 1669 წელს აშენებული კვირაცხოვლის ეკლესია, რომლის სამხრეთ ფასადი დამშვენებულია ოთხი ისრული თაღით.

სხალტბის ეკლესიიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, კვერნაქის ქედიდან იშლება შიო მღვიმის მონასტრის ძალიან ლამაზი ხედი.

ფასანაურის ძველი ეკლესია

ინტერნეტსივრცეში ფასანაურის ძველი ეკლესიის შესახებ ისტორიული ცნობები საკმაოდ მწირია. ცნობილია რომ ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა მე-19 საუკუნის 50-ან წლებში საინჟინრო ძალების მიერ, რომლებიც საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებულები. ეკლესია წარმოადგენდა რუსულ-ბიზანტიური სტილის ნაგებობას და წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის იყო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეკლესია დაიხურა და დაინგრა მე-20 საუკუნის 70-ანი წლების დასაწყისში.

ქართული არქიტექტურის ორი ეკლესია

გასპრის წმინდა ნინოს ეკლესია

წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია მდებარეობს ყირიმის ნახევარკუნძულზე, დაბა გასპრაში. ეკლესიის მშენებლობის დამკვეთი იყო საიმპერატორო ოჯახის წევრი – დიდი მთავარი გიორგი მიხეილის ძე რომანოვი, რომელიც დაბადებული იყო კავკასიის სამეფისნაცვლოში, კერძოდ კი თეთრ წყაროში. მას ჰყავდა ორი ქალიშვილი ნინა და ქსენია. ნინა 1905 წელს მძიმედ დაავადდა დიფტერიით და მხოლოდ გერმანიაში სასრაფოდ გაკეთებულმა ოპერაციამ გადაარჩინა გოგონას სიცოცხლე. ამით არის განპირობებული ეკლესიის ქართული არქიტექტურა და წმინდა ნინოს სახელიც.

ეკლესიის პროექტი შექმნა არქიტექტორმა ნიკოლაი კრასნოვმა. მშენებლობა დაიწყო 1906 წლის 14 იანვარს და დასრულდა 1908 წლის დასაწყისში, ხოლო მოპირკეთება და კეთილმოწყობა საბოლოოდ დამთავრდა 1912 წელს. ნიკოლაი კრასნოვი ძალიან ამაყობდა იმით, რომ ეს ეკლესია აშენდა მისი პროექტით და თვლიდა რომ ეს იყო მისი ერთერთი საუკეთესო ნამუშევარი. მისი სიტყვებით წმინდა ნინოს ეკლესიის არქიტექტურის შთაგონების წყარო იყო გელათის ქართული და ახპატის სომხური მონასტრები, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესია უფრო ძველ ქართულ არქიტექტურას მოგვაგონებს, ვიდრე სომხურს, თუმცა მაინცდამაინც არც გელათს ჰგავს და არც ახპატს.

ოქტომბრის რევოლუციის და ყირიმში ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეკლესია გადააკეთეს ელექტრო ქვესადგურად. მეორე მსოფლიო ომის დროს ეკლესიის შენობა, როგორც სამრეწველო ობიექტი უნდა გაენადგურებინათ, თუმცა მოასწრეს მარტო ერთი კედლის მცირე დაზიანება. ეკლესიის საბოლოოდ განადგურებას ხელი შეუშალა გერმანული ჯარის სწრაფმა შეტევამ. ომის დასრულების შემდეგ ეკლესიას მოუნგრიეს სამრეკლო და შენობა სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა იქვე მდებარე სანატორიუმის მიერ. 1993 წელს ეკლესია გადაეცა მოსკოვის საპატრიარქოს, რომელმაც დაადგა თუნუქის ბოლქვისებური გუმბათი. 2021 წლის მდგომარეობით ხდება ეკლესიის სრული რესტავრაცია და პირვანდელი სახის დაბრუნება.

წმინდა სერაფიმეს სამების მონასტერი

წმინდა სერაფიმეს სამების დედათა მონასტერი მდებარეობს ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში. მონასტრის მთავარი ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1895 წელს არქიტექტორ სერგეი სოლოვიოვის პროექტით და დასრულდა 1902 წელს. ტაძარი აშენდა რუსი მემამულის ეკატერინა ხომიაკოვას ინიციატივით და სახსრებით. გაურკვეველია ზუსტად რამ განაპირობა დამკვეთის მოთხოვნა ტაძრის ქართულ საეკლესიო სტილში აშენება.

1928 წელს მონასტერი დაიხურა და სხვადასხვა დროს მის ადგილზე ფუნქციონირებდა ობსერვატორია და სკოლა-ინტერნატი.

1995 წელს დაიწყო მონასტრის აღდგენა და 1998 წელს აღორძინდა სამონაზვნო ცხოვრება. თანამედროვე მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა იხილეთ ბმულზე:

http://zhurnal.lib.ru/s/shurygin_a_i/troice_serafimov.shtml

დუშეთის წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელობის ეკლესია

1859 წლის 17 სექტემბერს, მართლმადიდებელი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, არქიტექტორ გრიგორი ივანოვის პროექტის მიხედვით დაწყებულა წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ეკლესიის მშენებლობა. ეკლესია ააგეს საჯირითო მოედნის შუაგულში, მოგვიანებით მის გარშემო საქალაქო ბაღი გაშენდა, რომელიც “ბულვარის” სახელით არის ცნობილი.

ეკლესიას რუსული საეკლესიო არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ფორმები ჰქონდა. ძველ ფოტოებს შემორჩა ბოლქვისებურგუმბათიანი, საკმაოდ დიდი ტაძარი, რომელიც 1934 წლამდე მდგარა.

მანგლისის სამხედრო ტაძარი

მანგლისში ერევნის მე-13 ლეიბ-გრენადერთა პოლკის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის ტაძრის მშენებლობა გადაწყდა 1872 წელს რა დროსაც დაიწყო შემოწირულობის შეგროვება. 1873 წლის 14 მაისს მეფისნაცვალმა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა დაამტკიცა ტაძრის გეგმა, ხარჯთაღრიცხვა და მშენებლობა დაავალა არქიტექტორ ბელოვს. იმავე წლის 29 ივნისს მოხდა საძირკვლის კურთხევა. მშენებლობა უსახსრობის გამო ნელა მიმდინარეობდა. რუსეთ-თურქეთის მორიგი ომის გამო საერთოდ შეწყდა დიდი ხნით. მხოლოდ 1897 წელს დასრულდა მშენებლობა და მოხდა ტაძრის კურთხევა. 1907 წელს მიაშენეს სამრეკლო.

ტაძარი წარმოადგენდა აგურის ხუთგუმბათიან ნაგებობას, რომელიც იყო აშენებული რუსულ-ბიზანტიურ სტილში და გათვლილი იყო 900 ადამიანზე.

1925 წელს ანტირელიგიური კამპანიის ფარგლებში ქვეყნის ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ დაანგრია ეს ტაძარი და მოგვიანებით მანგლისის ავტოსადგური ააშენა მის ადგილზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, მოხდა უკვე ავტოსადგურის დანგრევა და ახალი ტაძრის მშენებლობა.