რუსეთის იმპერიის ციხესიმაგრეთა ატლასი

აღნიშნული ატლასი გამოიცა 1830 წელს და მასში საკმაოდ ლამაზად აღბეჭდილია რუსეთის იმპერიის 60 ციხე-სიმაგრის სქემატური გამოსახულება.

ალექსანდროპოლის ციხე-სიმაგრე (ქალაქი გიუმრი, სომხეთი)

ანაპის ციხე-სიმაგრე (ქალაქი ანაპა, რუსეთი)

ახალქალაქის ციხე-სიმაგრე (ქალაქი ახალქალაქი, საქართველო)

ახალციხის ციხე-სიმაგრე (ქალაქი ახალციხე, საქართველო)

ნარიყალას წყალსადენის სათავე ნაგებობა

ოქროყანაში, რესტორან “მაჭახელა”-ს უკან, მდინარე დუქნებისუკანახევში ჯერ კიდევ შემორჩენილია ნარიყალას ციხის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის კვალი, რომელიც წინა საუკუნის 50-ან წლებში აღმოაჩინეს.

1955 წლის 10 ივნისს ი.ბ. სტალინის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის მეოთხე აგროუბნის ტერიტორიაზე მიწის მოთხრა-მოსწორებისას, ერთნახევარი მეტრის სიმაღლეზე შევამჩნიეთ ოსტატურად ნაგები ძველი წყალსადენის ნაშთები. ეს იყო ერთიმეორეში მჭიდროდ ჩასმული კერამიკული (წითლად გამომწვარი, 10 სანტიმეტრის დიამეტრის) თიხის მილები, რომლებსაც ზემოთ ეგოთ და ზემოდანაც ეფარათ ორ ქანობად ძველებური კვადრატული (ეგრეთწოდებული „ქართული“) აგურები, ზომით 22 X 22 X 5 სანტიმეტრი ამრიგად, მილსადენი სამკუთხა განივკვეთიან ბუდეში იყო მოქცეული და მონაცრისფერო კირის დუღაბით იყო დამაგრებული. განათხარ ფართობზე მილსადენის ნაშთი რამდენიმე ადგილას გავაშიშვლეთ და აშკარა გახდა, რომ იგი თბილისისაკენ მოემართებოდა.
მილების, აგურისა და დუღაბის რამოდენიმე ნიმუში, მოკლე აღწერილობითურთ, იმავე დღეებშივე გადაეცა თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს. ჩვენ განვაგრძეთ აღმოჩენის ადგილისა მისი მიდამოების შესწავლა, რათა გაგვეკვლია ძველი წყალსადენის ტრასა და სათავე. ამ წინასწარ საძიებო მუშაობას საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელთა კონსულტაციით ვწარმოებდით.
განათხრის ზემოთ რამდენიმე ადგილას ჩაჭრილმა ვიწრო თხრილებმა კვლავ გამოავლინა სრულიად იმგვარივე მილსადენი და ჩვენს თვალწინ წარმოდგა მარჯვე და მოხდენილი ოსტატობით ნაგები ძველი წყალსადენის ახალ-ახალი ნაწილები.
ამგვარმა ძიებამ მოგვიყვანა იმ ადგილამდე, სადაც, ჩვენი აზრით, აღნიშნული წყალსადენის სათავე ყოფილა. იგი მდებარეობს სოფელ ოქროყანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ი.ბ. სტალინის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის მეოთხე აგროუბნის კანტორის მახლობლად, კოჯრის ასფალტიანი გზის პირას, კომკავშირის ხეივნიდან სამი კილომეტრის დაშორებით. ამ ადგილებში საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მდგარა ორი დუქანი (ოქროყანელი მებატონეების გაბაშვილებისა და პოლტარაცკის), რომელთა მიხედვითაც მათ უკან მდებარე მცირე ხევს შერქმევია „დუქნებისუკანა ხევი“. ამ ხევის საწყისში გამოდის ორი წყარო, რომელთა შორის ხელოვნურად ჩაჭრილია ხევის კლდოვანი კალაპოტის ნაპირები. ოქროყანელი მოხუცების გადმოცემით ზემო წყაროს წყალი ამ კალაპოტით მიემართებოდა და იერთებდა მეორე წყალს, რომელიც მისგან 70-იოდე მეტრზე გამოდის. მეორე წყაროს ქვემოთ, სალ კლდეზე ჩანჩქერია, ხოლო მის გვერდით გამოჭრილია გვირაბი (დიამეტრით 1,5 მეტრი), საიდანაც დღესაც სდის წყარო და რომლის სიგრძე 14 მეტრია. მას ტეხილი მიმართულება აქვს. გვირაბი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 7,5 მეტრი სიგრძით მიემართება, შემდეგ ორ მეტრზე დასავლეთით უხვევს, ბოლოს ისევ 4,5 მეტრზე სამხრეთისაკენ იცვლის მიმართულებას. ჩანჩქერის ძირიდან გვირაბი 2,5 მეტრ სიმაღლეზეა მისი ფსკერი დაქანებულია ისე რომ წყალი მასში თავისუფლად გამოედინებოდა. გვირაბის ტეხილი მიმართულება იმით უნდა აიხსნას, რომ მისი გამჭრელები ცდილობდნენ ამით შეემცირებინათ ნაკადის სიჩქარე, რათა წყლის დაგროვებისას აუზში ნაკლები ყოფილიყო წყლის ჰიდრავლური დარტყმა-დაწნევა და დაგროვებისათვის ხელი არ შეეშალა. ამავე მიზნით გვირაბის შიგნით სიმაღლე მეტია, ვიდრე შესასვლელში.

ჩანჩქერთან წყლის დაგუბების გამო გვირაბის დათვალიერება მოხერხდა მხოლოდ შორიდან და ამჟამად ის ასე გამოიყურება.

დიდუბის ციხე

დიდუბის ციხის შესახებ პერველ ცნობას გვაწვდის გიულდენშტედტი, რომელმაც საქართველოში 1771-1772 წლებში იმოგზაურა და თავის ნაშრომში წერს: “…დიღმიდან 1/2 საათში გავიარეთ ქვიშაქვიანი მთა და გადავედით მდინარე ვერისხევზე, რომელზედაც არის ქვის ხიდი, აქედან ზედ მტკვრის აღმოსავლეთ ნაპირზე ჩანს დანგრეული დიდუბის ციხე”. ამ ცნობის უტყუარობაში შეგვეძლო შეგვეტანა ეჭვი, რადგანაც სოფელ დიდუბის მახლობელ სოფლებში, ქვემო და ზემო ავჭალაშიც იდგა ციხე-გალავანი და უცხო მოგზაურს შეიძლებოდა შეცდომა მოსვლოდა, მაგრამ მის დაკვირვებულ თვალს არ გამორჩენია მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარე ქალაქისპირა სოფლების – ზემო და ქვემო ავჭალის ციხე-გალავნებიც და მათ თანმიმდევრულად ჩამოთვლის: “…როგორც კი ამ კუთხეს შემოვუხვიეთ(ლაპარაკია დევისნამუხლარზე), მტკვრის აღმოსავლეთ ნაპირზე დავინახეთ დანგრეული ციხე ზემო ავჭალა, ხოლო ერთი ვერსით სამხრეთით მდინარე ავჭალისხევის ჩრდილოეთ მხარეზე, ასევე დანგრეული სიმაგრე ქვემო ავჭალა”. საინტერესოა, თბილისს მოახლოებული მოგზაური რომელი ადგილიდან ხედავდა დიდუბის მიტოვებულ, დანგრეულ ციხე-გალავანს? მოგზაური გარკვევით წერს, რომ მდინარე ვერისხევზე გადებულ ხიდზე გასვლის შემდეგ დაინახა დიდუბის დანგრეული ციხე-გალავანი. გიულდენშტედტი ხიდზე გადასვლისთანავე ვერ დაინახავდა დიდუბეს, რადგანაც იგი მოფარებული იყო პატარა ქედით, რომელიც გაიჭრა 1935 წელს (ჩელუსკინელების ქუჩა/თამარ მეფის გამზირი). მგზავრს რომ მტკვრის მარცხენა ნაპირი დაენახა, ამისთვის უნდა აღნიშნულ ქედზე ასულიყო (რაც მას არ გაუკეთებია), ანდა გზის გაყოლებით სოფელ ვერემდე მისულიყო დაახლოებით იქ, სადაც დღეს ვერის პარკია გაშენებული, იქედან ჩრდილოეთით მდინარე მტკვრის ხეობა იხსნება. მოგზაური დიდუბის დანგრეულ ციხე-გალავანს უთუოდ აქედან დაინახავდა. სამწუხაროდ, იგი ჯერდება მხოლოდ ციხის ხსენებას და არაფერს ამბობს მისი აღმშენებლის, ფორმის, დანიშნულების და აგების თარიღის შესახებ. გიულდენშტედტის მიერ მოწოდებული ცნობიდან ვერც ციხე-გალავნის ზუსტ კოორდინატებს ვიგებთ.

საინტერესო ზოგიერთი საკითხის, კერძოდ, ციხე-გალავნის ზუსტ ადგილმდებარეობის და მისი ფორმის გარკვევაში გვეხმარება მოსკოვის ცენტრალურ ისტორიულ-სამხედრო სახელმწიფო არქივში დაცული ორი გეგმა – კაპიტან ჩუიკოს მიერ შედგენილი თბილისის 1800 წლის, და პოლკოვნიკ ტიხონოვის მიერ შედგენილი თბილისის უთარიღო გეგმა. აღნიშნულ გეგმებზე დიდუბის ციხე-გალავანია დატანილი. ორივე გეგმაზე ციხე-გალავანი მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირის სიახლოვეს დგას იქ, სადაც დღეს “დინამოს” სტადიონია. ზემოთ მოტანილი გეგმების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დიდუბის ციხე-გალავანი ყოფილა მოგრძო სწორკუთხა ფორმის და ოთხივე კუთხეში ცილინდრული ფორმის კოშკები ჰქონია დატანილი. თუ გავითვალიწინებთ გეგმის მასშტაბს (100 საჟენი 1 დიუმში), ციხე-გალავანი არცთუ ისე პატარა მოცულობის უნდა ყოფილიყო. გეგმის მიხედვით ციხე-გალავნის შიგნით სხვა ნაგებობა არ არის. გეგმით ვერ დგინდება ციხე-გალავანს სად ჰქონდა დატანილი კარიბჭე. ასევე უცნობია სოფელ დიდუბის ციხე-გალავნის აგების ზუსტი თარიღი. ივარაუდება მე-XVIII საუკუნის შუა ხანები, რადგან მაგ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში ლეკიანობის გამო მასობრივად შენდება ციხე-გალავნის ტიპის თავდაცვითი ნაგებობები.

სოღანლუღის(ფონიჭალის) ციხე

სოღანლუღის ციხის მშენებლობა(თუ აღდგენა), მეფე ერეკლე II-ს 1765 წელს დაუწყია. 1772 წელს იგი დამთავრებულია. ამ დროს თბილისში ჩამოსული გიულდენშტედტი მის შესახებ გვაწვდის საინტერესო ცნობებს. მკვლევარი თავის “მოგზაურობაში” რამდენჯერმე ასახელებს სოღანლუღის ციხეს. მოგზაური კახეთში მიმავალ მეფე ერეკლე II-ს თან ახლავს. გზად მიმავალი გიულდენშტედტი ყველაფერს აღწერს რაზეც კი თვალი მიუწვდება. იგი მოგვითხრობს, რომ სოფელ ნავთლუღის “პირდაპირ, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, დგას სოფელი სოღანლუღი, გამაგრებული ასევე კოშკით…” თბილისიდან ქვემო ქართლში მოგზაურობისას გიულდენშტედტი წერს – “24 მაისი. მე გავათენე მტკვრის ნაპირზე, სოღანლუღის ციხის ქვემოთ”. ამგვარად გასაგები ხდება, რომ სოღანლუღის ციხე მდგარა მდინარე მტკვრის სიახლოვეს. გიულდენშტედტის მიერვე შედგენილ “საქართველოს 1772 წლის რუკაზე” დატანილია სოფელი სოღანლუღი. რუკაზე სოფელს უზის გეომეტრიული ნიშანი ◊, რასაც დოკუმენტს თანდართულ ექსპლიკაციაში აქვს ახსნა Castellum habitatum — დასახლებული ციხე-სიმაგრე.

მოსკოვის სამხედრო-ისტორიულ სახელმწიფო არქივში დაცულია გენერალ ციციანოვის თბილისიდან განჯაში ლაშქრობის მარშრუტის 1803 წლის რუკა – “Маршут от города Тифлиса до крепости Ганджи”. ქალაქიდან გასული რუსთა ჯარი გზადაგზა სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში ჩერდებოდა. საბუთზე წერია – “Марш ноября 20-го дня от города Тифлиса до лагеря при деревне Соганлуг”. ჯარის გასაჩერებელ ადგილს წარწერა აქვს: “Лагерь при деревне Соганлуг съ 20-го на 22 числа ноября”. რუკაზე რუსთა ჯარის ბანაკი აღნიშნულია მოგრძო კვადრებით, ხოლო სოღანლუღის ციხე წაგრძელებული ოთხკუთხედით, რომელსაც ოთხივე კუთხეში დატანილი აქვს ბურჯები. რუკის მიხედვით ბანაკი და ციხეც მდებარეობს მდინარე მტკვარსა და გზას შორის.

ამჟამად ფონიჭალაში სოღანლუღის ციხის ნიშან-კვალიც არ არის შემორჩენილი.

ავჭალის კოშკი

XVIII საუკუნის დასაწყისში მტკვრის მარცხენა ნაპირზე ავჭალიდან დიდუბემდე, იქ სადაც მდინარეზე ხელსაყრელი ფონი იყო ააგეს თორმეტი ციხე-კოშკი. მათგან თერთმეტი ციხე-კოშკი მთლიანად დაინგრა ისე, რომ მათი კვალი არსად დარჩა. მხოლოდ ერთი ახლაც დგას ავჭალაში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დედათა მონასტრის მიმდებარედ. კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი – 10 მეტრი, კედლის სისქე – 2 მეტრი, სიმაღლე – 15 მეტრი) ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია აგურიც და შედგება სამი სართულისგან. რესტავრაციისას აღმოაჩინეს, რომ კოშკი უსაძირკვლოა.

ერეკლეს(ნავთლუღის) ციხე

IMG_20171118_150616_HDRცნობილია, რომ ერეკლე მეორემ ფართომასშტაბიანი სამუშაოები ჩაატარა თბილისის ფორტიფიკაციული სისტემის და ქალაქის მისადგომების გასამაგრებლად. ერთ–ერთ ასეთ ღონისძიებას წარმოადგენს ციხესიმაგრის აგება ნავთლუღში, რომელსაც ხალხმა „ერეკლეს ციხე“ შეარქვა. 1772 წელს თბილისში იყო რუსეთის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსი იოჰან გიულდენშტედტი, რომელიც იხსენიებს ნავთლუღს და ერეკლეს ციხეს. ამ დროისათვის სოფელში 50 სახლი და მრავალი მიწური ყოფილა. გიულდენშტედტის ცნობით, სოფლის მოსახლეობას ქართველები შეადგენდნენ. მისივე აღწერით, ოთხკუთხა ციხის სიგრძე 80 ნაბიჯი და მას მრგვალი კოშკი აგვირგვინებდა. ერეკლეს მეფობის ხანაში სოფელი ნავთლუღი გაპარტახებული ყოფილა და ციხის აშენებასთან ერთად მეფეს მოსახლეობის აღდგენაზეც უზრუნვია.

დღესდღეობით ციხე და მიმდებარე არემარე ზეემკას სასაფლაოს წარმოადგენს. საფლავებს შორის ზოგან შემონახულია ციხის გალავანი, კლდოვან ქარაფზე კი შემორჩენილია გოდოლის საძირკველი. როგორც ჩანს ამ ციხეს გარდა წმინდა სამხედრო დანიშნულებისა, ასევე ჰქონდა პოლიტიკური მნიშვნელობაც, კახთა ბატონი არ ენდობოდა თბილისს და არც თუ შორს თავისი ძალაუფლების დასაყრდენი ააგო…