ეზიდური დამწერლობა

სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, თუ როდის შეიქმნა ეზიდური დამწერლობა. მკვლევართა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს დამწერლობა შეიქმნა XIII-XIV საუკუნეებში, ხოლო მეორე ნაწილი უფრო გვიანდელი პერიოდით, XVII-XVIII საუკუნეებით ათარიღებს. დამწერლობის შემქმნელის სახელი უცნობია. ეზიდური დამწერლობა გამოყენებულია ეზიდთა წმინდა წიგნებში – მასჰაფა რაშსა და ქეთება ჯელვაში.

ეზიდური დამწერლობა იწერება მარჯვნიდან მარცხნივ როგორც არაბული, თუმცა არაბულისგან განსხავებით ასოები ცალ-ცალკე იწერება.

თბილისის ეზიდური ტაძარი

თბილისის ეზიდური ტაძარი – Ziyareta Siltan Êzîd გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. იგი გამშვენებულია დეკორატიული თაღებით. ტაძრის მთავარი კარიბჭე ეზიდური ორნამენტით არის მორთული, რომელიც ლალიშის ტაძრიდან არის გადმოღებული. ტაძრის კედლები გარედან ტრავერტინით არის მოპირკეთებული. ინტერიერი მორთულია ხეზე მჯდომი ფარშევანგების გამოსახულებით, რაც ეზიდთა კოსმოგონიურ წარმოდგენებს ასახავს. ტაძრის კედლები ეზიდური ლოცვებით არის მორთული. იქვეა მოთავსებული კანდელები, რომლებიც წმინდანებს ეძღვნებათ. გუმბათი ლალიშის მთავარი ტაძრის გუმბათს ჰგავს და მისი წახნაგები კი მზის სხივების აღმნიშვნელია. გუმბათს წვერზე ადგას ორი ოქროსფერი ლითონის სფერო, რომლის თავზეც გამოსახულია ხელი, რაც უფლის ხელსა და უფლის ძალას განასახიერებს. თავისი უნიკალური არქიტექტურით ეზიდთა ტაძარმა კიდევ უფრო დაამშვენა თბილისი, რომელიც ცნობილია თავისი ეკლესიებით, მეჩეთებითა და სინაგოგებით.

ტაძარი დაარსებულია ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ 2012 წელს. პირველი ქვა საძირკველში ჩაუყარა მსოფლიო ეზიდთა ამირამ – მირ თაჰსინ ბეგმა და ეზიდთა სულიერმა მამამ ახტიარე მარგაჰე – ბავე შეიხ ხატო ჰაჯიმ. ტაძრისთვის მიწის ნაკვეთი გამოყო საქართველოს მთავრობამ. ტაძარი აშენებულია ეზიდთა თემის წევრებისა და მისი კეთილმოსურნე ადამიანების შემოწირულობებით. მშენებლობა დაიწყო 2013 წელს და ორი წელი გაგრძელდა. 2015 წლის 16 ივნისს ჩატარდა ტაძრის საზეიმო გახსნა, რომელსაც დაესწრნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ეზიდები. გახსნის დღეს ეზიდთა უმაღლესმა სასულიერო პირებმა ლალიშიდან ჩამოტანილი წმინდა მიწა და წმინდა სამოსელი(ხარყა), ჯვალოს ნაწილი დაასვენეს ტაძარში. გახსნის დროს ჩატარდა ტაძრის კურთხევის რიტუალი.

ტაძართან ფუნქციონირებს კულტურის ცენტრი, სადაც განთავსებულია ეზიდური ბიბლიოთეკა, არქივი. აქვე მოქმედებს მშობლიური ენის , რელიგიის და ისტორიის შემსწავლელი კურსები და ეზიდური კვლევების ცენტრი.