სახელმწიფო საზღვარი

სახელმწიფო საზღვარი – საზღვარი ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის. საზღვრების რამდენიმენაირი კლასიფიკაცია არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ბოგსის კლასიფიკაცია, რომელიც სახმელეთო საზღვრებს ასე აჯგუფებს: ფიზიოგრაფიული, ანთროპოგეოგრაფიული, გეომეტრიული და კომპლექსური.

  • ფიზიოგრაფიული საზღვრები მიჰყვება ტერიტორიის გამოკვეთილ ფიზიკურ ნიშნებს, მაგალითად მდინარეს, ქედს, ტბის ნაპირს.
  • ანთროპოგეოგრაფიული საზღვრები ადამიანის ხელით შექმნილ ნიშნებს მიჰყვება. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, რკინიგზა.
  • გეომეტრიული საზღვრები მისდევს გრძედს ან განედს, როგორც მაგალითად, ეგვიპტის დასავლეთ და სამხრეთ საზღვრები.
  • კომპლექსური საზღვრები ზემოაღნიშნულის ნებისმიერ კომბინაციას წარმოადგენს.

ყველაზე ძველი სახელმწიფო საზღვარი, აქვს პირენეებში მდებარე ანდორას, რომელიც დადგინდა 1278 წელს, ურხელის ეპისკოპოსის და დე ფუას გრაფის შეთანხმების საფუძველზე.

ძველია ასევე 1297 წელს ალკანისესის ხელშეკრულებით დადგენილი პორტუგალიის სახელმწიფო საზღვარი ესპანეთთან.

მოულოდნელად “ასაკოვანი” საზღვარი აქვს რუსეთს ლიეტუვასთან და ჩინეთთან იმიერბაიკალეთის მხარეში. პირველ შემთხვევაში თარიღი არის 1422 წელი და უკავშირდება დღევანდელი კალინინგრადის ოლქის ძველი მფლობელის ტევტონთა ორდენის მარცხს გოლუბის ომში, ლიეტუვა-პოლონეთის კოალიციის წინააღმდეგ. იმიერბაიკალეთში რუსეთს და ჩინეთს შორის საზღვარი დადგინდა 1689 წელს ნერჩინსკის ხელშეკრულებით, რომელმაც დაასრულა ალბაზინის ომი ამ ორ სახელმწიფოს შორის.

ევროპაში საკმაოდ ძველი და სტაბილური საზღვრები აქვს ჩეხეთს და საფრანგეთს ესპანეთთან.

აზიას რაც შეეხება, ყველაზე ძველი სახელმწიფო საზღვარი აქვს ირანს თურქეთთან და ერაყთან, რომელიც ჯერ კიდევ სეფიანთა მმართველობისას დადგინდა ოსმალეთის იმპერიასთან 1639 წელს ზუჰაბის ხელშეკრულებით.

შედარებით ძველი საზღვარი არის ჩრდილოეთ კორეას და ჩინეთს შორის, რომელიც 1712 წელს დადგინდა.

აზიის, აფრიკის და დასავლეთ ნახევარსფეროს სახელმწიფოთა საზღვრები უმეტესწილად მე-19 და მე-20 საუკუნეებში დადგინდა. გამონაკლისი ბრაზილიის საზღვრებია არგენტინასთან, პარაგვაისთან და ნაწილობრივად ბოლივიასთან, პერუსთან რომლებიც 1750 წელს დადგინდა მადრიდის ხელშეკრულების მიხედვით.

დატოვე კომენტარი