რუსეთის იმპერიის ციხესიმაგრეთა ატლასი

აღნიშნული ატლასი გამოიცა 1830 წელს და მასში საკმაოდ ლამაზად აღბეჭდილია რუსეთის იმპერიის 60 ციხე-სიმაგრის სქემატური გამოსახულება.

ალექსანდროპოლის ციხე-სიმაგრე (ქალაქი გიუმრი, სომხეთი)

ანაპის ციხე-სიმაგრე (ქალაქი ანაპა, რუსეთი)

ახალქალაქის ციხე-სიმაგრე (ქალაქი ახალქალაქი, საქართველო)

ახალციხის ციხე-სიმაგრე (ქალაქი ახალციხე, საქართველო)

ლილო-შულავერის პნევმომილსადენი

საქართველოში არსებობდა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სამრეწველო დანიშნულების პნევმომილსადენი.

პნევმომილსადენი “ლილო-1” ექსპერიმენტული პროექტის სახით აშენდა 1971 წელს შულავერის ბეტონის ნაკეთობათა ქარხნის და მდინარე დებედას ნაპირზე მდებარე სამშენებლო მასალის კარიერს შორის. რას წარმოადგენდა ეს პნევმომილსადენი?! ეს იყო 2200 მეტრის სიგრძის, 1020 მილიმეტრის დიამეტრის მილი, რომელშიც შეკუმშული ჰაერის ძალით მოძრაობდა რვა კაფსულიანი მოძრავი შემადგენლობა. აქედან ექვსი კაფსულა ტვირთსაზიდი დანიშნულების იყო, ხოლო შემადგენლობის თავში და ბოლოში თითო-თითო პნევმომავალი იყო ჩაყენებული. სამშენებლო მასალით დატვირთული მოძრავი შემადგენლობის საერთო წონა 25 ტონა იყო, საშუალო სიჩქარე 45კმ/სთ, ხოლო ტვირთზიდვა წელიწადში 640 ათას ტონას აღწევდა.

80-ანი წლების დასაწყისში შულავერის სამშენებლო მასალების კარიერიდან მარნეულის და ლილოს ბეტონის ნაკეთობათა ქარხნების მიმართულებით აშენდა ორტოტიანი სრულფასოვანი სამრეწველო პნევმომილსადენი “ლილო-2”, რომლის სიგრძე 42 კილომეტრს და წლიური ტვირთზიდვა კი 2 მილიონ ტონს აღწევდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პნევმომილსადენი სამწუხაროდ განადგურდა და ისტორიას ჩაბარდა.

პნევმომილსადენის ყველაზე შთამბეჭდავი კვალი ჩანს კრწანისის ტყეპარკში, მტკვარზე გადებული მილსატარის სახით, რომელზეც დღესდღეობით მაგისტრალური გაზსადენი გადადის. ასევე მისი კვალი ჩანს ძველ თანამგზავრულ სურათებში – შულავერის, მარნეულის და ფონიჭალის მიმდებარედ.

სახელმწიფო საზღვარი

სახელმწიფო საზღვარი – საზღვარი ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის. საზღვრების რამდენიმენაირი კლასიფიკაცია არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ბოგსის კლასიფიკაცია, რომელიც სახმელეთო საზღვრებს ასე აჯგუფებს: ფიზიოგრაფიული, ანთროპოგეოგრაფიული, გეომეტრიული და კომპლექსური.

  • ფიზიოგრაფიული საზღვრები მიჰყვება ტერიტორიის გამოკვეთილ ფიზიკურ ნიშნებს, მაგალითად მდინარეს, ქედს, ტბის ნაპირს.
  • ანთროპოგეოგრაფიული საზღვრები ადამიანის ხელით შექმნილ ნიშნებს მიჰყვება. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, რკინიგზა.
  • გეომეტრიული საზღვრები მისდევს გრძედს ან განედს, როგორც მაგალითად, ეგვიპტის დასავლეთ და სამხრეთ საზღვრები.
  • კომპლექსური საზღვრები ზემოაღნიშნულის ნებისმიერ კომბინაციას წარმოადგენს.

ყველაზე ძველი სახელმწიფო საზღვარი, აქვს პირენეებში მდებარე ანდორას, რომელიც დადგინდა 1278 წელს, ურხელის ეპისკოპოსის და დე ფუას გრაფის შეთანხმების საფუძველზე.

ძველია ასევე 1297 წელს ალკანისესის ხელშეკრულებით დადგენილი პორტუგალიის სახელმწიფო საზღვარი ესპანეთთან.

მოულოდნელად “ასაკოვანი” საზღვარი აქვს რუსეთს ლიეტუვასთან და ჩინეთთან იმიერბაიკალეთის მხარეში. პირველ შემთხვევაში თარიღი არის 1422 წელი და უკავშირდება დღევანდელი კალინინგრადის ოლქის ძველი მფლობელის ტევტონთა ორდენის მარცხს გოლუბის ომში, ლიეტუვა-პოლონეთის კოალიციის წინააღმდეგ. იმიერბაიკალეთში რუსეთს და ჩინეთს შორის საზღვარი დადგინდა 1689 წელს ნერჩინსკის ხელშეკრულებით, რომელმაც დაასრულა ალბაზინის ომი ამ ორ სახელმწიფოს შორის.

ევროპაში საკმაოდ ძველი და სტაბილური საზღვრები აქვს ჩეხეთს და საფრანგეთს ესპანეთთან.

აზიას რაც შეეხება, ყველაზე ძველი სახელმწიფო საზღვარი აქვს ირანს თურქეთთან და ერაყთან, რომელიც ჯერ კიდევ სეფიანთა მმართველობისას დადგინდა ოსმალეთის იმპერიასთან 1639 წელს ზუჰაბის ხელშეკრულებით.

შედარებით ძველი საზღვარი არის ჩრდილოეთ კორეას და ჩინეთს შორის, რომელიც 1712 წელს დადგინდა.

აზიის, აფრიკის და დასავლეთ ნახევარსფეროს სახელმწიფოთა საზღვრები უმეტესწილად მე-19 და მე-20 საუკუნეებში დადგინდა. გამონაკლისი ბრაზილიის საზღვრებია არგენტინასთან, პარაგვაისთან და ნაწილობრივად ბოლივიასთან, პერუსთან რომლებიც 1750 წელს დადგინდა მადრიდის ხელშეკრულების მიხედვით.

გამარჯვების ხმალი

ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნად, საბჭოთა კავშირმა აღმართა მრავალი მემორიალი, როგორც ქვეყნის შიგნით ისე საზღვარგარეთ. აქედან ყველაზე საინტერესო არის “გამარჯვების ხმლის” ტრიპტიხი.

ტრიპტიხის პირველ ნაწილს წარმოადგენს ქალაქ მაგნიტოგორსკის მემორიალი “ზურგი – ფრონტს”, სადაც ასახულია მუშის მიერ მეომარისთვის ხმლის გადაცემის მომენტი. სტატისტიკის მიხედვით ურალის ამ ქალაქში აღმოსავლეთ ფრონტისთვის დამზადდა ყოველი მესამე ჭურვი და ყოველი მეორე ტანკის ჯავშანი.

შემდგომ ხმალი გვხვდება ქალაქ ვოლგოგრადში “დედა სამშობლოს” ქანდაკების ხელში აღმართული, სადაც მოხდა ცნობილი სტალინგრადის ბრძოლა, რომელმაც გარდატეხა მოახდინა გერმანიასთან ომში.

ბოლოს ხმალი ჩნდება გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ქანდაკება “გამანთავისუფლებელი მეომრის” ხელში, ოღონდ უკვე დაშვებული, რაც ომის დასასრულის მიმანიშნებელია.

ნარიყალას წყალსადენის სათავე ნაგებობა

ოქროყანაში, რესტორან “მაჭახელა”-ს უკან, მდინარე დუქნებისუკანახევში ჯერ კიდევ შემორჩენილია ნარიყალას ციხის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის კვალი, რომელიც წინა საუკუნის 50-ან წლებში აღმოაჩინეს.

1955 წლის 10 ივნისს ი.ბ. სტალინის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის მეოთხე აგროუბნის ტერიტორიაზე მიწის მოთხრა-მოსწორებისას, ერთნახევარი მეტრის სიმაღლეზე შევამჩნიეთ ოსტატურად ნაგები ძველი წყალსადენის ნაშთები. ეს იყო ერთიმეორეში მჭიდროდ ჩასმული კერამიკული (წითლად გამომწვარი, 10 სანტიმეტრის დიამეტრის) თიხის მილები, რომლებსაც ზემოთ ეგოთ და ზემოდანაც ეფარათ ორ ქანობად ძველებური კვადრატული (ეგრეთწოდებული „ქართული“) აგურები, ზომით 22 X 22 X 5 სანტიმეტრი ამრიგად, მილსადენი სამკუთხა განივკვეთიან ბუდეში იყო მოქცეული და მონაცრისფერო კირის დუღაბით იყო დამაგრებული. განათხარ ფართობზე მილსადენის ნაშთი რამდენიმე ადგილას გავაშიშვლეთ და აშკარა გახდა, რომ იგი თბილისისაკენ მოემართებოდა.
მილების, აგურისა და დუღაბის რამოდენიმე ნიმუში, მოკლე აღწერილობითურთ, იმავე დღეებშივე გადაეცა თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს. ჩვენ განვაგრძეთ აღმოჩენის ადგილისა მისი მიდამოების შესწავლა, რათა გაგვეკვლია ძველი წყალსადენის ტრასა და სათავე. ამ წინასწარ საძიებო მუშაობას საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელთა კონსულტაციით ვწარმოებდით.
განათხრის ზემოთ რამდენიმე ადგილას ჩაჭრილმა ვიწრო თხრილებმა კვლავ გამოავლინა სრულიად იმგვარივე მილსადენი და ჩვენს თვალწინ წარმოდგა მარჯვე და მოხდენილი ოსტატობით ნაგები ძველი წყალსადენის ახალ-ახალი ნაწილები.
ამგვარმა ძიებამ მოგვიყვანა იმ ადგილამდე, სადაც, ჩვენი აზრით, აღნიშნული წყალსადენის სათავე ყოფილა. იგი მდებარეობს სოფელ ოქროყანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ი.ბ. სტალინის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის მეოთხე აგროუბნის კანტორის მახლობლად, კოჯრის ასფალტიანი გზის პირას, კომკავშირის ხეივნიდან სამი კილომეტრის დაშორებით. ამ ადგილებში საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მდგარა ორი დუქანი (ოქროყანელი მებატონეების გაბაშვილებისა და პოლტარაცკის), რომელთა მიხედვითაც მათ უკან მდებარე მცირე ხევს შერქმევია „დუქნებისუკანა ხევი“. ამ ხევის საწყისში გამოდის ორი წყარო, რომელთა შორის ხელოვნურად ჩაჭრილია ხევის კლდოვანი კალაპოტის ნაპირები. ოქროყანელი მოხუცების გადმოცემით ზემო წყაროს წყალი ამ კალაპოტით მიემართებოდა და იერთებდა მეორე წყალს, რომელიც მისგან 70-იოდე მეტრზე გამოდის. მეორე წყაროს ქვემოთ, სალ კლდეზე ჩანჩქერია, ხოლო მის გვერდით გამოჭრილია გვირაბი (დიამეტრით 1,5 მეტრი), საიდანაც დღესაც სდის წყარო და რომლის სიგრძე 14 მეტრია. მას ტეხილი მიმართულება აქვს. გვირაბი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 7,5 მეტრი სიგრძით მიემართება, შემდეგ ორ მეტრზე დასავლეთით უხვევს, ბოლოს ისევ 4,5 მეტრზე სამხრეთისაკენ იცვლის მიმართულებას. ჩანჩქერის ძირიდან გვირაბი 2,5 მეტრ სიმაღლეზეა მისი ფსკერი დაქანებულია ისე რომ წყალი მასში თავისუფლად გამოედინებოდა. გვირაბის ტეხილი მიმართულება იმით უნდა აიხსნას, რომ მისი გამჭრელები ცდილობდნენ ამით შეემცირებინათ ნაკადის სიჩქარე, რათა წყლის დაგროვებისას აუზში ნაკლები ყოფილიყო წყლის ჰიდრავლური დარტყმა-დაწნევა და დაგროვებისათვის ხელი არ შეეშალა. ამავე მიზნით გვირაბის შიგნით სიმაღლე მეტია, ვიდრე შესასვლელში.

ჩანჩქერთან წყლის დაგუბების გამო გვირაბის დათვალიერება მოხერხდა მხოლოდ შორიდან და ამჟამად ის ასე გამოიყურება.

1918 წლის უკრაინის რუკა

საინტერესო რუკაა, რომელიც გამოცემულია შორეულ 1918 წელს და ასახავდა უკრაინელთა განსახლების არეალს. აღნიშნული არეალი მოიცავდა ტერიტორიას ბრესტიდან ყიზლარამდე, კასპიის ზღვაზე გასასვლელით. სამყაროს ჰქონდა შანსი შეექმნა სახელმწიფო, რომელიც ჩაუკეტავდა რუსეთს გზას, შავი ზღვის და კავკასიის ყელის მიმართულებით.