ტყიბულ-შაორის ქვანახშირის საბადო

ტყიბულ-შაორის ქვანახშირის საბადო მდებარეობს ტყიბულისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. ნახშირიანი წყება შუაიურული (ბათური) ასაკისაა: იყოფა ქვედა ქვიშაქვების (სისქე 100-250 მ), პროდუქტიულ (სისქე 80 მ-მდე) და ზედა ქვიშაქვების (სისქე 100-120 მ) ჰორიზონტებად. საბადოზე არის 9 ნახშირიანი ფენა,რომელთაგან 7 შეადგენს პროდუქტიულ ჰორიზონტს, 2 არასამრეწველო სისქის ფენა განლაგებულია ქვედა ქვიშაქვებში. გენეტურად ქვანახშირი განეკუთვნება ჰუმუსურ ტიპის, ტექნოლოგიური თვისებებით – სუსტად კოქსვადს. ორი ფენა შედგება ძირითადად ფისიანი ლიპტობიოლითური ნახშირისაგან. ქვანახშირის სიმკვრივე 1300-1700 კგ/მ³, ტენიანობა 4,0-8,4%. საშუალო ნაცრიანობა 34%, ქროლადების შემცველობა საწვავ მასაში 39,5-44,0%, გოგირდისა 1,0-2,5%; თბოუნარი (უმაღლესი – საწვავ მასაზე) 6800-7800 კკალ/კგ. საბადო ცნობილია 1830 წლიდან, მოპოვება დაიწყო 1846 წლიდან, ფართო მასშტაბით კი 1940-ანი წლების დასაწყისში.

რუკის მაღალი რეზოლუციის სანახავად გადადით ამ ლინკზე:

https://www.easyzoom.com/imageaccess/411859bf0b304259b3326dd9423d0bb7

ბათუმის წმინდა ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძარი

ბათუმის წმინდა ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევა 1888 წლის 25 სექტემბერს რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის და მისი ოჯახის წევრების თანდასწრებით აღსრულდა, სიმბოლური პირველი ქვა იმპერატორმა თავისი ხელით ჩადო საძირკველში. ტაძარი აკურთხეს 1906 წლის 6 დეკემბერს, ბათუმის რუსეთის იმპერიასთან მიერთების 25 წლის აღსანიშნავად. ბათუმის მასშტაბში ტაძარი ბევრად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა ხუთი ბოლქვისებრი გუმბათითა და კიდევ უფრო მაღალი კარვისებრი სამრეკლოთი და “ზემოდან” გადაჰყურებდა ქალაქს. მონუმენტური იერის გარდა, მას მრავლობითად დანაწევრებული კილისებრი სარკმლები და ცენტრალური კუბის წახნაგებზე არსებული უამრავი კოკოშნიკების არშიები დაჰყვებოდა. მის არქიტექტორად სახელდება ვასილი კოსიაკოვი. საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ 1921 წ. ტაძარი “ანტირელიგიურ მუზეუმად” გადააკეთეს, ხოლო 1931-1932 წლებში ტაძრის შენობა მთლიანად დაანგრიეს, მის ადგილზე მოგვიანებით აშენდა სასტუმრო “ინტურისტი”, არქიტექტორ ალექსეი შუსევის პროექტით.

ლენინის ძეგლი ზაჰესში

საბჭოთა კავშირში ვლადიმერ ლენინის ათასობით ძეგლი დაიდგა, თუმცა ერთერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლი დაიდგა 1927 წელს ზაჰესში – წოლხვრელის, მდინარის, წყალმიმღებისა და სათავო გამწმენდ რაბს შორის წარმოქმნილ კუნძულზე; კლდოვან ქარაფზე, მდინარის პირას. ლენინის ძეგლი საკმაოდ კარგად იყო ჩამჯდარი გარემოში და ხელის ჟესტით მიუთითებდა ზაჰესის კაშხლის მიმართულებით. ბრინჯაოს 7 მეტრიანი ძეგლის ავტორი იყო ცნობილი რუსი მოქანდაკე ივანე შადრი. 1991 წელს მოხდა ბელადის ძეგლის დემონტაჟი.

ლუფტვაფეს აეროფოტოგადაღება

მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა საქართველოს სხვადასხვა ადგილის აეროფოტოგადაღება მოახდინეს. გერმანელებს ძირითადად აინტერესებდათ სამხედრო ქარხნების, ელექტროსადგურების, ნავსადგურების, სარკინიგზო ხიდების და სხვა სტრატეგიული ობიექტების ადგილმდებარეობა. ომის დასრულების შემდგომ ლუფტვაფეს არქივი ალაფის სახით ამერიკელებმა გაიტანეს გერმანიიდან.

თბილისი

კასპი

აგარა

ხაშური

ქუთაისი

აბაშა

სენაკი

ხობისწყლის შესართავი

ოჩამჩირეს ნავსადგური

კოდორის შესართავი

რუსეთის იმპერიის ციხესიმაგრეთა ატლასი

აღნიშნული ატლასი გამოიცა 1830 წელს და მასში საკმაოდ ლამაზად აღბეჭდილია რუსეთის იმპერიის 60 ციხე-სიმაგრის სქემატური გამოსახულება.

ალექსანდროპოლის ციხე-სიმაგრე (ქალაქი გიუმრი, სომხეთი)

ანაპის ციხე-სიმაგრე (ქალაქი ანაპა, რუსეთი)

ახალქალაქის ციხე-სიმაგრე (ქალაქი ახალქალაქი, საქართველო)

ახალციხის ციხე-სიმაგრე (ქალაქი ახალციხე, საქართველო)

ლილო-შულავერის პნევმომილსადენი

საქართველოში არსებობდა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სამრეწველო დანიშნულების პნევმომილსადენი.

პნევმომილსადენი “ლილო-1” ექსპერიმენტული პროექტის სახით აშენდა 1971 წელს შულავერის ბეტონის ნაკეთობათა ქარხნის და მდინარე დებედას ნაპირზე მდებარე სამშენებლო მასალის კარიერს შორის. რას წარმოადგენდა ეს პნევმომილსადენი?! ეს იყო 2200 მეტრის სიგრძის, 1020 მილიმეტრის დიამეტრის მილი, რომელშიც შეკუმშული ჰაერის ძალით მოძრაობდა რვა კაფსულიანი მოძრავი შემადგენლობა. აქედან ექვსი კაფსულა ტვირთსაზიდი დანიშნულების იყო, ხოლო შემადგენლობის თავში და ბოლოში თითო-თითო პნევმომავალი იყო ჩაყენებული. სამშენებლო მასალით დატვირთული მოძრავი შემადგენლობის საერთო წონა 25 ტონა იყო, საშუალო სიჩქარე 45კმ/სთ, ხოლო ტვირთზიდვა წელიწადში 640 ათას ტონას აღწევდა.

80-ანი წლების დასაწყისში შულავერის სამშენებლო მასალების კარიერიდან მარნეულის და ლილოს ბეტონის ნაკეთობათა ქარხნების მიმართულებით აშენდა ორტოტიანი სრულფასოვანი სამრეწველო პნევმომილსადენი “ლილო-2”, რომლის სიგრძე 42 კილომეტრს და წლიური ტვირთზიდვა კი 2 მილიონ ტონს აღწევდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პნევმომილსადენი სამწუხაროდ განადგურდა და ისტორიას ჩაბარდა.

პნევმომილსადენის ყველაზე შთამბეჭდავი კვალი ჩანს კრწანისის ტყეპარკში, მტკვარზე გადებული მილსატარის სახით, რომელზეც დღესდღეობით მაგისტრალური გაზსადენი გადადის. ასევე მისი კვალი ჩანს ძველ თანამგზავრულ სურათებში – შულავერის, მარნეულის და ფონიჭალის მიმდებარედ.

სახელმწიფო საზღვარი

სახელმწიფო საზღვარი – საზღვარი ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის. საზღვრების რამდენიმენაირი კლასიფიკაცია არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ბოგსის კლასიფიკაცია, რომელიც სახმელეთო საზღვრებს ასე აჯგუფებს: ფიზიოგრაფიული, ანთროპოგეოგრაფიული, გეომეტრიული და კომპლექსური.

  • ფიზიოგრაფიული საზღვრები მიჰყვება ტერიტორიის გამოკვეთილ ფიზიკურ ნიშნებს, მაგალითად მდინარეს, ქედს, ტბის ნაპირს.
  • ანთროპოგეოგრაფიული საზღვრები ადამიანის ხელით შექმნილ ნიშნებს მიჰყვება. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, რკინიგზა.
  • გეომეტრიული საზღვრები მისდევს გრძედს ან განედს, როგორც მაგალითად, ეგვიპტის დასავლეთ და სამხრეთ საზღვრები.
  • კომპლექსური საზღვრები ზემოაღნიშნულის ნებისმიერ კომბინაციას წარმოადგენს.

ყველაზე ძველი სახელმწიფო საზღვარი, აქვს პირენეებში მდებარე ანდორას, რომელიც დადგინდა 1278 წელს, ურხელის ეპისკოპოსის და დე ფუას გრაფის შეთანხმების საფუძველზე.

ძველია ასევე 1297 წელს ალკანისესის ხელშეკრულებით დადგენილი პორტუგალიის სახელმწიფო საზღვარი ესპანეთთან.

მოულოდნელად “ასაკოვანი” საზღვარი აქვს რუსეთს ლიეტუვასთან და ჩინეთთან იმიერბაიკალეთის მხარეში. პირველ შემთხვევაში თარიღი არის 1422 წელი და უკავშირდება დღევანდელი კალინინგრადის ოლქის ძველი მფლობელის ტევტონთა ორდენის მარცხს გოლუბის ომში, ლიეტუვა-პოლონეთის კოალიციის წინააღმდეგ. იმიერბაიკალეთში რუსეთს და ჩინეთს შორის საზღვარი დადგინდა 1689 წელს ნერჩინსკის ხელშეკრულებით, რომელმაც დაასრულა ალბაზინის ომი ამ ორ სახელმწიფოს შორის.

ევროპაში საკმაოდ ძველი და სტაბილური საზღვრები აქვს ჩეხეთს და საფრანგეთს ესპანეთთან.

აზიას რაც შეეხება, ყველაზე ძველი სახელმწიფო საზღვარი აქვს ირანს თურქეთთან და ერაყთან, რომელიც ჯერ კიდევ სეფიანთა მმართველობისას დადგინდა ოსმალეთის იმპერიასთან 1639 წელს ზუჰაბის ხელშეკრულებით.

შედარებით ძველი საზღვარი არის ჩრდილოეთ კორეას და ჩინეთს შორის, რომელიც 1712 წელს დადგინდა.

აზიის, აფრიკის და დასავლეთ ნახევარსფეროს სახელმწიფოთა საზღვრები უმეტესწილად მე-19 და მე-20 საუკუნეებში დადგინდა. გამონაკლისი ბრაზილიის საზღვრებია არგენტინასთან, პარაგვაისთან და ნაწილობრივად ბოლივიასთან, პერუსთან რომლებიც 1750 წელს დადგინდა მადრიდის ხელშეკრულების მიხედვით.