ატენის ხეობის რკინიგზა

XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, საქართველოში ფინელმა მრეწველმა აუგუსტ ზეზემანმა, ქართველ მეწარმე – გიორგი ქართველიშვილთან ერთად, ტანას ხეობაში ალექსანდრე ორბელიანისა და ელიზბარ ერისთავის მეორე ვაჟის – ზაქარია ერისთავისაგან 50 წლიანი იჯარით აიღო ატენის ხეობის ტყის მასივები, რომლის საერთო ფართობი 12 ათას დესეტინას უდრიდა და ხე-ტყის წარმოება დაიწყო.

ხეობიდან მასალის გამოსატანად აშენდა დაახლოებით 30 კილომეტრის სიგრძის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა გორიდან დღევანდელ სოფელ ლევიტანამდე, რომელიც დღევანდელ სამანქანო გზას მიუყვებოდა. 1895 წელს გორის სადგურის მიმდებარედ, სადაც ატენის ხეობის რკინიგზა ამიერკავკასიის მთავარ სარკინიგზო ხაზს უკავშირდებოდა აუგუსტ ზეზემანმა ააშენა შპალსაჟღენთი ქარხანა, რომელიც ხე-ტყით ატენის ხეობიდან მარაგდებოდა.

ადგილობრივები და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა სიხარულითა და აღტაცებით შეხვდნენ ქართველი და ფინელი მრეწველების წამოწყებას, რადგან დასაქმებას და შემოსავლის გაჩენას უკავშირდებოდა. რკინიგზით ისარგებლებდა ახლომდებარე სოფლების მოსახლეობაც, რომელთაც შეეძლოთ მოყვანილი ხილი და პროდუქტები ორთქმავლით გორამდე ჩაეტანათ, ხოლო იქიდან თბილისამდე გადაადგილებაც არ იყო რთული.

1918 წელს მდინარე ტანას ადიდებამ ძლიერ დააზინა რკინიგზა და საბოლოოდ ის აყარეს.

დატოვე კომენტარი