აღმოსავლეთის არაქალკედონური მართლმადიდებელი ეკლესიები

ეკლესიათა ერთიანობის, ანუ პენტარქიის რეალურად მოქმედების ჟამს თანდათან
ჩნდებოდა ეკლესიათა საერთო რწმენისგან განსხვავებული რწმენა-თეორიები. ამის გამო, საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენელთა ერთობლივი კომისიები იქმნებოდა, რათა ამ რწმენა-თეორიების ბუნება და ავკარგიანობა გარკვეულიყო. თუკი დადასტურდებოდა, რომ ისინი რწმენის არსებით პუნქტებს, ე.ი. ქრისტიანული ღვთისმეტყველების მაცოცხლებელ ღერძს, უპირისპირდებოდნენ და აზიანებდნენ, საეკლესიო კრებები ასეთ თეორიებს ერესებად, ანუ მწვალებლობებად (წვალებებად) ნათლავდნენ და ანათემას უცხადებდნენ. ეს კი, არც მეტი და არც ნაკლები, ნიშნავდა: მათ მიმდევრებს, თუკი ისინი სინანულს არ მიეცემოდნენ, ეკლესიიდან გარიცხავდნენ – განკვეთდნენ. განკვეთილები თავიანთ ეკლესიებს ქმნიდნენ. წარმოიშობოდა სხვადმადიდებლობა (ჰეტეროდოქსია) და მრავლდებოდნენ სხვადმადიდებლები, იქმნებოდა ახალ-ახალი თეორიები.

არაქალკედონური მართლმადიდებელი ეკლესიები, ე.წ. მონოფიზიტური მრწამსის მქონე ეკლესიებია, რომელთაც არ მიიღეს ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრების (451 წ.) დადგენილებები. ამ ჯგუფში ასევე მოიხსენიებიან ნესტორიანელებიც, რომელთაც არ გაიზიარეს ეფესოს მსოფლიო საეკლესიო კრების (431 წ.) დადგენილებები. მონოფიზიტებმა და ნესტორიანელებმა საკუთარი ეკლესიები შექმნეს.

მონოფიზიტობა (ბერძ. monos – ერთი, physis – ბუნება) მიმართულებაა ქრისტიანობაში, რომელიც აღიარებს ქრისტეს მხოლოდ ერთ ბუნებას, რაც ეწინააღმდეგება ქალკედონის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებას – დიოფიზიტურ პოზიციას ქრისტეში ორი ბუნების შესახებ. დიოფიზიტურ მრწამსს იზიარებენ მართლმადიდებელი (კონსტანტინოპლის, საქართველოს, რუსეთის, საბერძნეთისა და ა.შ.), კათოლიკე და პროტესტანტული ეკლესიები. მონოფიზიტობის შემცვლელი ტერმინია მიაფიზიტობა (ბერძ. mia – ერთი, physis – ბუნება), რომლითაც, აგრეთვე, აღნიშნავენ არაქალკედონური მრწამსის ეკლესიების დიოფიზიტურ ქრისტოლოგიას. ტერმინი «მიაფიზიტობა» შემოღებულია, რათა თავიდან იქნეს არიდებული ნეგატიური კონოტაცია, რომელიც ახლავს ტერმინ «მონოფიზიტობას», როდესაც მას ქალკედონის ქრისტოლოგიის მაღიარებელი ეკლესიის წარმომადგენლები იყენებენ (ორი ბუნება, ერთი ჰიპოსტასი). ტერმინი დაფუძნებულია წმინდა კირილე ალექსანდრიელის ცნობილ გამონათქვამზე: «ღვთის სიტყვის ერთგვაროვანი განკაცებული ბუნება».

მონოფიზიტური მიმართულება 433 წელს ბიზანტიაში ჩამოყალიბდა და დანარჩენ ქრისტიანობას 451 წელს ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ გამოეყო. ამ მიმართულებას საფუძველი ჩაუყარა კონსტანტინოპოლის ერთ-ერთი დიდი მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ევტიქიმ (დაახ. 378-454 წწ.).

მონიფიზიტობა ასწავლის, რომ თავიდან ცალ-ცალკე არსებობდა ქრისტეს ორი ბუნება – ღმერთის და კაცის, მაგრამ განკაცების შემდეგ ეს ორი ბუნება შეერთდა და მხოლოდ ღვთაებრივი ბუნება დარჩა. ზოგიერთი მონოფიზიტი მიიჩნევს, რომ ქრისტეში ადამიანურისა და ღვთაებრივის შერწყმამ წარმოქმნა რაღაც სხვა, ახალი და განსაკუთრებული ბუნება.

მონოფიზიტები სვამდნენ კითხვას ქრისტეში ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების შეერთების შესახებ, უარყოფდნენ ამ ორი ბუნების თანაარსებობას და აღიარებდნენ, რომ ქრისტეში ღვთაებრივმა შთანთქა ადამიანური ბუნება და ამ სახით ევნო კაცობრიობისათვის არა ღმერთკაცი (როგორც ამას ამტკიცებენ დიოფიზიტი ღვთისმეტყველები), არამედ ღმერთი.

ტერმინი «მონოფიზიტობა» მხოლოდ VII საუკუნის ბოლოდან მკვიდრდება. მონოფიზიტების სწავლება გავრცელდა ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციებში, სადაც ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი მოკვდავი ღმერთის კულტი. 451 წელს მონოფიზიტების სწავლება ქალკედონის კრებამ განიხილა, რამაც წარმოქმნა მწვავე რელიგიური და პოლიტიკური დაპირისპირება.

V საუკუნის ბოლოს მონოფიზიტებმა დაიკავეს ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქო საყდრები. VI საუკუნეში სწავლება გავრცელდა ნუბიასა და არაბეთში. თუმცა ამავე პერიოდში თეოლოგიურმა პაექრობამ მეორე პლანზე გადაინაცვლა, ხოლო მონოფიზიტურ და დიოფიზიტურ მოძღვრებებს შორის დაახლოების შესაძლებლობა გაჩნდა. გამოიკვეთა, აგრეთვე, მონოფიზიტების პოლიტიკური სურვილი, რომ ბიზანტიისაგან აღმოსავლეთის პროვინციები ჩამოეშორებინათ. სირიაში და ეგვიპტეში რელიგიური განხეთქილების შემდეგ სეპარატიზმმა იჩინა თავი. ამის გამო VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორები ხშირად უთმობდნენ მონოფიზიტებს. ეს ერთგვარ ტენდენციად იქცა, განსაკუთრებით იმპერატორ იუსტინიანეს მმართველობის დროს, რომლის მეუღლეც, თეოდორა, მონოფიზიტებს ფარულად მფარველობდა. აღნიშნულმა მიზეზებმა VII საუკუნეში ახალი «მონოთელიტური” (სწავლება ქრისტეს ერთი, ღვთაებრივი ნების შესახებ) მოძღვრება წარმოქმნა.

არაქალკედონური მრწამსის მაღიარებელი ეკლესიებია:

  • სომხეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია
  • ეგვიპტის(კოპტური) მართლმადიდებელი ეკლესია
  • ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესია
  • ერიტრეას მართლმადიდებელი ეკლესია
  • სირიის მართლმადიდებელი ეკლესია
  • ინდოეთის(მალაბარის) მართლმადიდებელი ეკლესია

უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინ «მონოფიზიტობას» სომეხთა სამოციქულო ეკლესია საკუთარი მრწამსის აღსანიშნავად არ იყენებს. იგი მისთვის მიუღებელია.

XX საუკუნის 60-იანი წლებიდან მოკიდებული, ე.წ. არაქალკედონურ და მართლმადიდებელ, ასევე კათოლიკე ეკლესიებს შორის აქტიური და იმედისმომცემი საღვთისმეტყველო დიალოგი მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი